კენჭისყრამდე მერობის კანდიდატმა დიმიტრი კოპალიანმა საკრებულოს წევრებს და დამსწრე მოქალაქეებს საკუთარი ბიოგრაფია და გეგმები გააცნო:
„ეს იყო ძალიან რთული ნაბიჯი ჩემთვის და მე ვთვლი, რომ ამ ნაბიჯით ჩემს ქალაქს გვერდში ამოვუდექი,“ – განაცხადა დიმიტრი კოპალიანმა.
მონოლოგის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა კოპალიანს კითხვები დაუსვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრის, დავით გოგისვანიძის კითხვაზე, თუ რა აზრის არის პარლამენტის ადგილმდებარეობის შესახებ, კოპალიანი პასუხობს:
„იცოდეთ, რომ მე ვარ ნეიტრალური და ობიექტური ადამიანი. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს დეტალური ანალიზი. მაგალითად, ქალაქს მართლა გამოადგება თუ არა პარლამენტი, რამდენი ხალხი დასაქმდება და ა.შ. მე სტატისტიკა მჭირდება. გადაწყვეტილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ქალაქს და მის მაცხოვრებლებს გამოადგება, თუმცა გასარკვევია დეტალები.“
„ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა, გიორგი უკლებამ განაცხადა, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელმაც კოპალიანი კანდიდატად დაასახელა, არადემოკრატიული იყო, შესაბამისად, ისინი კენჭისყრაში მხარს არ დაუჭერენ:
„ამ კომისიას არაფერი ჰქონდა საერთო დემოკრატიასთან, მასში არ იყო არც ერთი რეალური ოპოზიციური ძალის წევრი, არც ერთი ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, ამ მიზეზების გამო კომისიამ დათვური სამსახური გაგიწიათ, ბატონო დიმიტრი. კენჭისყრაში მხარს ვერ დაგიჭერთ. დაწყებულია დიდი პროექტები და ამ საქმეში ჩვენი მხარდაჭერა გექნებათ. ჩვენთვის ქალაქის განვითარება მნიშვნელოვანია და წარმატებებს გისურვებთ. გისურვებთ იყოთ წარმატებული მერი, გიწვდით თანამშრომლობის ხელს.“
უკლებამ ასევე განაცხადა, რომ თუ კოპალიანი მერიის აპარატის თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას დაიწყებს, ამ საქმეში მხარდაჭერა არ ექნება. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ მოვლენები ასე არ განვითარდება.
„ძალიან ბევრი კარგი საქმე მოესწრება იმ პერიოდში, როცა თქვენ ქალაქის მერი იქნებით. წარმატებებს გისურვებთ,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მამუკა მღვდელაძემ.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას 24 წევრიდან 21 ესწრებოდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 17-მა დეპუტატმა მიიღო, ხოლო თავი „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის 4 წევრმა შეიკავა. ესენი არიან: გია გოქაძე, ნოე კუხიანიძე, გიორგი უკლება, დავით გოგისვანიძე.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, დიმიტრი კოპალიანი უახლოეს პერიოდში დაიკავებს ოფიციალურად მერის პოსტს, მანამდე მერიის სტრუქტურას გაეცნობა დეტალურად.