ახალი ამბები

საკრებულოს სხდომაზე მედიის გარდა სხვა პირებს არ დაუშვებენ

10 ოქტომბერი, 2017 • 1947
საკრებულოს სხდომაზე მედიის გარდა სხვა პირებს არ დაუშვებენ

საკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე მხოლოდ საკრებულოს წევრებს,  თანამშრომლებსა და მედიას დაუშვებენ. ამის შესახებ განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ავრცელებს.

მიზეზი, რის გამოც ალიბეგაშვილის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, “პროვოკაციებისა და არეულობის პრევენციაა”.

“თბილისის საკრებულო არის ქალაქის თვითმმართველობის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელიც ვალდებულია დაიცვას ქალაქის ინტერესები და კომპეტენციების ფარგლებში ქალაქის განვითარება უზრუნველყოს.

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას  ითხოვენ ერთადერთი მოტივით-  ჩაშალონ თბილისის საკრებულოს სხდომა, მოაწყონ  ობსტრუქცია და კანონისმიერი გადაწყვეტილებების მიღებას ხელი შეუშალონ.

მათ ეს რამდენიმე დღის წინ საკუთარი ქმედებებითაც დაადასტურეს, როდესაც არასამართლებრივი და ძალისმიერი მეთოდებით  საკრებულოს სხდომის ჩაშლა სცადეს. ამავდროულად, მერიის წინ დააზიანეს შშმ პირთათვის განკუთვნილი ინფრასრუქტურა, იძალადეს სამართალდამცავებზე.

ისინი ამჯერადაც ღიად აანონსებენ საკუთარ მიზანს, ჩაშალონ საკრებულოს სხდომა.
ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ წესრიგი, უზრუნველვყოთ საკრებულოს გამართული მუშაობა, თბილისის და თბილისელების უფლებების რეალიზება და, შესაბამისად, ვერავის მივცემთ უფლებას, შეაჩეროს პროცესები, რომელიც საზოგადოებრივ ინტერესებსა და  ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.

აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად  ვთვლით, მივიღოთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმად,  საკრებულოს დღევანდელ  სხდომაზე დავუშვათ მხოლოდ საკრებულოს წევრები,  თანამშრომლები და მედია – არავინ სხვა, რათა ადგილი არ ჰქონდეს პროვოკაციებს და არეულობის მცდელობას.

ჩვენ გვაქვს თბილისელების მიერ მონიჭებული მანდატი, ვიზრუნოთ ქალაქზე და არავის აქვს უფლება და ლეგიტიმაცია, საზოგადოების წინააღმდეგ  წავიდეს.

სწორედ  საზოგადოების ინტერესების დაცვისა და საკრებულოს სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით  მივიღეთ აღნიშნული  გადაწყვეტილება.

მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან, პატივი  სცენ თბილისს და თბილისელებს და  საკრებულოს ნაკისრი ვალდებულებების კონსტრუქციულ გარემოში შესრულების საშუალება მისცენ”, – ნათქვამია საკრებულოს განცხადებაში.


დღეს, 16:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ. სხდომაზე დასწრებას ოპოზიცია გეგმავს, 13:30 საათზე საკრბეულოს წინ ენმ-ის აქციაც გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი