ევროკავშირის საელჩოსა და წევრი ქვეყნების განცხადება კონსტიტუციაზე

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით განცხადებას ავრცელებს, რომლითაც იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ დასკვნას.

როგორც ეცროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითად აფასებს საკონსტიტუციო რეფორმას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეფორმა დაასრულებს საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესს.

“მიუხედავად ზემოთქმულისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების გადავადებასთან დაკავშირებით. ასევე, კომისია გამოთქვამს რამდენიმე კონკრეტულ რეკომენდაციას რელიგიის თავისუფლების საკითხზე და მართლმსაჯულების სფეროში”, – ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში.

რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, ოპოზიციურ ძალებსა და პროცესის სხვა მონაწილეებს შორის პოლიტიკურ კონსულტაციებს, ევროკავშირის წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის საკითხზე უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სათანადოდ არ იქნა გამოყენებული.

“ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით გამოვთქვამთ რწმენას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ერთგული დარჩება თავისი განზრახვისა, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და შემოიღებს საპროცენტიან ბარიერს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის; ასევე, გააუქმებს ბონუსს გამარჯვებული პარტიისთვის მას შემდეგ, რაც სრულად იქნება შემოღებული პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ევროკავშირის წარმომადგენლობა მოუწოდებს ყველა შესაბამის პოლიტიკურ მოთამაშეს, გააგრძელონ ერთად მუშაობა ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესის დასასრულებლად”, – ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში.

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გაუგზავნის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოტივირებული შენიშვნები 6 პუნქტს მოიცავს.

მათგან 4-ზე ქართულ ოცნებას გაცხადებული აქვს პოზიცია, რომ პროექტში ცვლილებებს შეიტანს. დარჩენილი 2 პუნქტი კი პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მათ შორისაა პროპორციული საარჩევნო სისტემის 2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ

“რაც შეეხება ბონუსსა და ბლოკებს, როგორც იცით, ჩვენ უკვე დავუდასტურეთ ვენეციის კომისიას, რომ შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში. ახალი ცვლილებების თანახმად, ბონუსის სისტემა გაუქმდება, ისევე, როგორც ბლოკები შენარჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, განხორციელდება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გადავხედავთ დებულებებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით” – თქვა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და ქვეყანას უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. კონსტიტუციის კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com