ახალი ამბები

კობახიძე: ვენეციის კომისიის თქმით, მოვამზადეთ გემრიელი ნამცხვარი, რომლის დაგემოვნება არავის უნდა

6 ოქტომბერი, 2017 • 2129
კობახიძე: ვენეციის კომისიის თქმით, მოვამზადეთ გემრიელი ნამცხვარი, რომლის დაგემოვნება არავის უნდა

დღეს, 6 ოქტომბერს,  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ისაუბრა. ვენეციის კომისიამ 6 ოქტომბერს კენჭი უყარა კონსტიტუციის ცვლილებებზე საბოლოო დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.

ირაკლი კობახიძემ თანამშრომლობისთვის ვენეციის კომისიას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარლამენტი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდა.

კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის მსგავსად, პოლიტიკურ პარტიებს შორის ფართო კონსენსუსის არარსებობის გამო სინანულს გამოთქვამს მმართველი გუნდიც.

“როგორც იცით, ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოპოზიციაშია 2014 წლიდან, მხარს არ უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ჩვენ მოვამზადეთ ძალიან გემრიელი ნამცხვარი, თუმცა მისი დაგემოვნება არავის უნდა – ოპოზიციურ პარტიებსა და პრეზიდენტს. პასუხი ძალიან მარტივია: ჩვენ მოვამზადეთ ეს გემრიელი ნამცხვარი არა ოპოზიციური პარტიებისთვის, ან საქართველოს პრეზიდენტისთვის, რომელიც ოპოზიციაშია, არამედ ეს გემრიელი ნამცხვარი მოვამზადეთ ქართველი ხალხისთვის და ქართველი ხალხი ისარგებლებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სოციალური სახელმწიფოს უფრო ძლიერი გარანტიებით. ქართველი ხალხი ისარგებლებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უფრო ძლიერი გარანტიებით, უფრო ძლიერი პარლამენტით და საპარლამენტო ოპოზიციით, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის ახალი რედაქციით,  მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უფრო ძლიერი გარანტიებით, ადგილობრივი თვითმმართველობის უფრო ძლიერი გარანტიებით და ასე შემდეგ. კონსტიტუცია ნამდვილად აუმჯობესებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე დაუდასტურა ვენეციის კომისიას, რომ ბონუსსა და ბლოკებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებები იქნება შეტანილი, გარდა ამისა, ხელახლა იქნება განხილული რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული დებულებები.

“რაც შეეხება ბონუსსა და ბლოკებს, როგორც იცით, ჩვენ უკვე დავუდასტურეთ ვენეციის კომისიას, რომ შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში. ახალი ცვლილებების თანახმად, ბონუსის სისტემა გაუქმდება, ისევე, როგორც ბლოკები შენარჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, განხორციელდება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გადავხედავთ დებულებებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ახლა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, დაადოს ვეტო დოკუმენტს პარლამენტის ხელმძღვანელობასა და ვენეციის კომისიის შეთანხმების მიხედვით. ამ შემთხვევაში, ჩვენ შესაძლებლობა გვექნებოდა, განგვეხორციელებინა  ბონუსთან, ბლოკებთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები, მაგრამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ აპირებს საქართველოს პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების მიხედვით ვეტოს უფლების გამოყენებას. სინანულს გამოვთქვამთ პრეზიდენტის ამ პოზიციის გამო, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ კონსტიტუციაში ახალი ცვლილებები ინიცირებული იქნება დაუყოვნებლივ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ და უზრუნველვყოფთ, რომ ამ ცვლილებებს ხელი მოაწეროს საპარლამენტო უმრავლესობის 116-ივე წევრმა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველა მათგანი იღებს პასუხისმგებლობას ცვლილებების შესახებ, რომლებიც ბონუსს, ბლოკს და საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველოს ახლა ევროპული კონსტიტუცია ექნება, რაც, მისივე თქმით, რეფორმის მთავარი მიზანი იყო.

„კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ვენეციის კომისიას რეფორმის პროცესში საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერისთვის,  საბოლოო დასკვნისთვის, საქართველოში მიმდინარე ამ ისტორიული პროცესის მხარდაჭერისთვის. ახლა ჩვენ გვექნება ევროპული კონსტიტუცია. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, რომ შეგვენარჩუნებინა ევროპული სტანდარტები. ჩვენ ვაყალიბებთ ძალიან ძლიერ საპარლამენტო სისტემას, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამ რეგულაციების პირობებში შეუძლებელია ნებისმიერი სახის ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში გრძელვადიან  პერსპექტივაში. ჩვენ მოწმე გავხდით საქართველოს კონსტიტუციის სამი სხვადასხვა ფორმულირებისა და ამ სხვადასხვა ფორმულირებებით სხვადასხვა ხელისუფლებებმა ჩამოაყალიბეს ავტორიტარული მმართველობა საქართველოში. ახლა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, ეს შეუძლებელი იქნება და ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მიზანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე. ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი