ახალი ამბები

“არ არის მონიტორი საინტერესო” – კალაძე ბაღების დირექტორების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

5 ოქტომბერი, 2017 • 5109
“არ არის მონიტორი საინტერესო” – კალაძე ბაღების დირექტორების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებაზე

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ “სტუდია მონიტორის” გამოძიება, რომელიც შეეხება კალაძის მხარდასაჭერად ამომრჩევლის მობილიზებაში თბილისის ბაგა-ბაღების დირექტორების ჩართულობას, საინტერესო არაა.

“არ არის მონიტორი საინტერესო”, – ასე გამოეხმაურა კალაძე “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტურ გამოძიებას.

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, თბილისის ბაგა-ბაღების 170-მდე დირექტორს სთხოვენ, რომ “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის სასარგებლოდ 100-დან 200 მხარდამჭერამდე სია შეადგინონ და ბაღების სააგენტოს მიაწოდონ.

ბაღების დირექტორებმა ახლობლების და თანამშრომლების დახმარებით მოაგროვეს სია და სააგენტოში წარადგინეს. მონიტორის ინფორმაციით, ეს დავალება ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა.

ჟურნალისტური გამოძიების ავტორები აცხადებენ, რომ როდესაც მათ რამდენიმე ბაღის დირექტორს დაურეკეს ბაღების სააგენტოს სახელით და ჰკითხეს, მოაგროვეს თუ რა მხარდამჭერთა სია, ისინი თანხმობას აცხადებენ.

თუმცა, როდესაც შემდეგ დაურეკეს სტუდია მონიტორის ჟურნალისტის სახელით, ბაღების დირექტორებმა უარყვეს სიების შეგროვება.

“ნეტგაზეთი” ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორს, თემურ თორდინავას დაუკავშირდა, რომელი არ ადასტურებს, რომ ბაღების სააგენტო საარჩევნო პროცესში ჩართულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი