ახალი ამბები

ლგბტქი აქტივსიტების ცემის გამოძიების მოთხოვნით 37000-ზე მეტი ხლემოწერა შეგროვდა

5 ოქტომბერი, 2017 • 1767
ლგბტქი აქტივსიტების ცემის გამოძიების მოთხოვნით 37000-ზე მეტი ხლემოწერა შეგროვდა

“თანასწორობის მოძრაობამ” დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერი პეტიცია წარადგინა. ორგანიზაციის წევრებმა საერთაშორისო მასშტაბით 37 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს და მთავრობას სთხოვენ, სათანადოდ გამოიძიოს ლგბტქი აქტივისტებზე შესაძლო ჰომოფობიური მოტივით ფიზიკრი ძალადობის შემთხვევა.

“დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით, ვინაიდან შეგვაქვს განცხადება. ჩვენ საქართველოს მთავრობას ვთხოვთ, მოახდინოს ადეკვატური რეაგირება ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ ჩადენილ დანაშალთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც წელს ბათუმში ისინი გახდნენ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, იმის ნაცვლად, რომ მომხდარიყო ამ საქმის ეფექტური გამოძიება, დაისაჯნენ მსხვერპლები.

დღეს ჩვენ წარვადგინეთ პეტიციის შედეგები. 37 000 ხელმოწერაზე მეტი ხმა მსოფლიოს მასშტაბით, ანუ სხვადასვა ქვეყნიდან ადამიანები მხარს გვიჭერენ, სთხოვენ ჩვენ მთავრობას, რომ პირველ რიგში მოხდეს იმ ადამიანების გამოკვეთა და დასჯა, ვინც იძალადა ადამიანებზე. და მეორე, ასევე იმ საჯარო მოხელეების დასჯა, ვინც იმყოფებოდა ადგილზე, დაუშვა ეს ფაქტი, შემდგომ არ გამოიძია. ასევე ვითხოვთ, მოიხსნას ყველა ჯარიმა, რომელიც ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანს დაეკისრათ”  – ამბობს “თანასწორობის მოძრაობის” ადვოკატირების ოფიცერი ნინო ბოლქვაძე.

თანასწორობის მოძრაობამ კანცელარიაში ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარადაჭერი პეტიცია წარადგინეს 05.10.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

თორნიკე კუსიანის თქმით, მათზე თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა, შესაბამისმა უწყებებმა კი საქმე არასათანადოდ გამოიძიეს. ლგბტქი აქტივისტის თქმით, ამჟამად საქმეს საქართველოს მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს. კუსიანი არ გამორიცხავს, რომ პროცესები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომდეც მივიდეს:

“25 აგვისტოს შემდეგ ის სტრესი, რომელშიც ვიმყოფებით იმის გამო, რომ მივიღეთ ფიზიკური და პოსტტრავმული სტრესი, რომელსაც ვუმკლავდებით, ძალიან მძიმე გახდა. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ეს გახდება მორიგი სირცხვილი საქართველოს ხელისუფლების. ეს ამბავი, ისევე როგორც ყველა სხვა ამბავი, რადგან სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიება არ ხდება, მიაღწევს სტრასბურგამდე. ბრალად გვედებოდა ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩირებლობა. ეს იმის ფონზე, როდესაც პოლიცია ფიზიკურად გაგვისწორდა მე და ლევან ბერიანიძეს” – ამბობს თორნიკე კუსიანი.


შემთხვევა 25 აგვისტოს ბათუმში მოხდა. “თანასწორობის მოძრაობის” ხელმძღვანელი ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა.

„თავს დაგვესხნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით,” – უთხრა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ლევან ბერიანიძემ ჟურნალისტებს, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა.

ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. დაკავებულებს თან ახლდათ სამი ტრანსსექსუალი ქალი. სამართალდარღვევაში მიჩნეულების განმარტებით, თავდაპირველად მათ უცნობმა პირმა მიაყენა შეურაცხყოფა, რომელიც ბულვარში მოპედით იმყოფებოდა.

„შემდეგ სხვები მოვარდნენ. გვაგინებდნენ და გვცემდნენ. პოლიციელები მოვიდნენ, მაგრამ გაშველების ნაცვლად ჩვენ მოგვდგნენ ისინიც… მერე დაგვაკავეს და პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გადაგვიყვანეს. საათობით არ გვაძლევდნენ ადვოკატთან დაკავშირების უფლებას, არც უფლებები განუმარტავს ვინმეს, ვითხოვდით ექიმს,”- ამბობდა ლევან ბერიანიძე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ბერიანიძის და კუსიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გმაოიტანა და მათ 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი