“ფორმალურად და რეალურადაც პრეზიდენტი იწვევს უშიშროების საბჭოს, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი შეხვედრა იყოს აზრიანი და საერთოდ შედგეს შეხვედრა, უნდა იყოს მზაობა პრემიერის. ცირკის გამართვა არ არის ამოცანა, რომ მე მოვიწვიე სხდომა და ვიღაცას არ სცალია ამ დროს. პრემიერისგან იყო ნეგატიური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, თუ მან ეს დამოკიდებულება შეიცვალა და მოიცლის ასეთ საკითხებზე საუბრისთვის, იქნება კარგი, მაგრამ ეს პასუხი ჩვენ არ მოგვისმენია და ცალკეული დეპუტატების განცხადებები ამ ტიპის ვერ იქნება ნამდვილად პრემიერის პასუხი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ 3 ივნისს “რუსთავი 2”–თან საუბარში.

დღეს, 3 ივნისს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა უმრავლესობის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლება მოსვლის დღიდან, 7 თვის მანძილზე, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. პარლამენტარს აინტერესებს პრეზიდენტის დასაბუთება, თუ რატომ არ იწვევს უშიშროების საბჭოს სხდომას.
პრეზიდენტმა კი, თავის მხრივ, 31 მაისს განაცხადა, რომ აუცილებელია უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვითარება გართულდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მშენებლობის პროცესი დაიწყეს.







