ახალი ამბები

დიპლომატიური კორპუსის წევრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ

3 ივნისი, 2013 • 1585
დიპლომატიური კორპუსის წევრები საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ

ამის შესახებ საქართველოს შიაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ერთობლივ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

 

უცხოელი დიპლომატები სავარაუდოდ გუგუთიანთ კარში, დიცსა და დიდ ხურვალეთში ჩავლენ. უცნობია, გაემგზავრება თუ არა მათთან ერთად აღნიშნულ სოფლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

დღეს, 3 ივნისს გამართულ შეხვედრაზე შსს–მ უცხოელ დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ზოლთან განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების მონტაჟის ფაქტები ხუთ სფელში ფისქირდება. ეს სოფლებია: დიცი, დიდი ხურვალეთი, ქვემო ნიქოზი, გუგუთიანთ კარი და ქარელის რაიონის სოფელი დვანი.  მისი თქმით, ძნელია იმაზე საუბარი, სულ რამდენი მეტრით არის გადმოწეული საოკუპაციო ზოლი, რადგან თითოეულ სოფელში ე.წ. საზღვარმა სხვადასხვა მანძილით გადმოიწია. ზოგან 120, ზოგან 150, ხოლო ზოგან 200 მეტრით.

 

ამასთან ქემოკლიძემ დიპლომატებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მავთულხლართების ინსტალაციის პროცესი საოკუპაციო ზოლთან ჯერ კიდევ 2011 წლის აპრილში დაიწყო. ამ პროცესის ინტენსიფიკაცია, რომელიც დღესაც გრძელდება 2013 წლის თებერვალში მოხდა.

 

შსს–ს ინფორმაციით, 2013 წლის დასაწყისიდან დღემდე ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებიდან სულ 60 ადამიანი დააკავეს, მათი უმრავლესობა უკვე გათავისუფლებულია, თუმცა ცხინვალის იზოლატორში ამ დრომდე რჩება 10 ადამიანი, რომელთა გათავისუფლების საკითხზეც ქართული მხარე მუშაობას აგრძელებს.

საოკუპაციო ზოლი სოფელ დიცში
საოკუპაციო ზოლი სოფელ დიცში

მასალების გადაბეჭდვის წესი