ახალი ამბები

თბილისის მერობის კანდიდატები, რომლებმაც ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

3 ოქტომბერი, 2017 • 1901
თბილისის მერობის კანდიდატები, რომლებმაც ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეთავაზების პასუხად, თბილისის მერობის შვიდმა კანდიდატმა მოაწერა ხელი ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციას.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დეკლარაციას ხელი მოაწერეს:

[checklist]

  • ალექსანდრე ელისაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი
  • გიორგი ვაშაძე – გიორგი ვაშაძე ერთობა – ახალი საქართველო
  • ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
  • კახა კალაძე – ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო
  • კახა კუკავა – დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა
    დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი
    საქართველო
  • თენგიზ შერგელაშვილი – შენების მოძრაობა
  • ელენე ხოშტარია – მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო

[/checklist]

არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეკლარაციაზე ხელმოწერა თბილისის მერობის კანდიდატებს 28 სექტემბერს შესთავაზეს. ხელმოწერისთვის დრო 3 სექტემბრამდე ჰქონდათ.

ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ დეკლარაციის ხელმოწერით კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები  სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის უზრუნველსაყოფად.

ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) აშშ-ის და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებული არიან, უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭვირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და  მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების ოფიციალური მიწვევით შეუერთდა.

ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლების და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა.

2015-2016 წლებში საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები გახდნენ საქართველოს პარლამენტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალური მთავრობა. თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის ფონზე შეიმუშავა. მიმდინარე რეფორმების ნაწილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის, თბილისის ინტერაქციული რუკის, ელექტრონული პეტიციებისათვის ონლაინ პლატფორმების შექმნა  და აშ.

ორგანიზაციების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის სექტემბრის თვიდან საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მოუწევს, აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი