ახალი ამბები

საია: შსს-სა და პროკურატურას მოკლული ქალის საქმეზე ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

3 ოქტომბერი, 2017 • 2001
საია: შსს-სა და პროკურატურას მოკლული ქალის საქმეზე ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით (საია), რომელიც ყოფილი ქმრის მიერ მოკლულის დედის ინტერესებს იცავდა, ინფორმირებულობის მიუხედავად, გარდაცვლილის სიცოცხლის  კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო შსს-სა და პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა.

საქმე საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლომ განიხილა. გარდაცვლილის დედის ინტერესებს საიას თბილისის ოფისი იცავდა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი,  ს.ჯ. ყოფილი მეუღლისაგან (რომელიც იყო პოლიციის თანამშრომელი) წლების განმავლობაში განიცდიდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას. ძალადობის შესახებ მსხვერპლმა არაერთხელ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. თუმცა მათგან არ განხორციელდა დროული და ეფექტური რეაგირება. შედეგად, მოძალადემ სამსახურეობრივი იარაღით მოკლა იგი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მსხვერპლის მიმართ განხორციელებული სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის აღკვეთისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო,  მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შსს-ს და მთავარი პროკურატურის საჩივარი დაუშვებლოდ ცნო:

“საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტები და განჩინებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო ორგანოებმა, მიუხედავად მათი ინფორმირებულობისა, არ მიიღეს ყველა გონივრული ზომა ს.ჯ-ს ხელშეუხებლობის დასაცავად, არ მოახდინეს მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის გამოძიება და პასუხისმგებელი პირის დასჯა, რაც გახდა ს.ჯ-ს მკვლელობის მიზეზი. ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შვილის გარდაცვალების გამო დედას უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული მორალური ზიანი გადატანილი ტანჯვისა და იმ იმედგაცრუების გამო, რომ სახელმწიფომ ვერ დაიცვა თავისი ქვეყნის მოქალაქის სიცოცხლე” – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი