ახალი ამბები

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონი დაამტკიცა

31 მაისი, 2013 • • 1139
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონი დაამტკიცა

ცვლილებების თანახმად, მცირდება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა თხუთმეტიდან ცხრა წევრამდე. ორ წევრს სახალხო დამცველი წარადგენს, სამს – საპარლამენტო უმრავლესობა,  სამს – უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები,  ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული.

 

თავდაპირველად საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს საკონკუნრსო კომისია, საიდანაც ზემოთ აღნიშნული ქვოტების მიხედვით მოხდება კანდიდატების არჩევა და მათი წარდგენა პარლამენტის წინაშე. პარლამენტი თითოეულ მეურვეს წინასწარ განსაზღვრული რიგითობის მიხედვით (ჯერ წარადგენს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო უმცირესობა და ბოლოს – უმრავლესობა) უყრის კენჭს და მათ სიითი შემადგებლობის უმრავლესობით დაამტკიცებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმრავლესობით ვერ მოხდება წარდგენილი კანდიდატის არჩევა, 10 დღის ვადაში პარლამენტს წარედგინება ახალი კანდიდატურა და მეურვედ არჩეული იქნება ის, ვინც მეტ ხმას, მაგრამ არანკლებ პარლამენტის შემადგენლობის 1/3-ის თანხმობას მიიღებს.

 

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგებლობა 2014 წლის 1 იანვრიდან შეიცვლება სრულად, მანამდე საბჭოს ამ დროისთვის არსებული შემადგენლობა გააგრძელებს ფუნქციონირებას. სამეურვეო საბჭოს წევრები 6 წლის ვადით აირჩევიან.

 

გარდა ამისა, იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის” სახით, რომელსაც ეყოლება მრჩეველთა საბჭო და რომელიც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ერთიანი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი დაფინანსება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 15%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. თავის მხრივ, იზრდება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაფინანსების თანხა და ის სახელმწიფოს წინა წლის მშპ-ის  მინიმუმ 0.14%-ით განისაზღვრება.  

 

მცირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი