ახალი ამბები

“ევროპულმა საქართველომ” პუშკინის სკვერში საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა

1 ოქტომბერი, 2017 •
“ევროპულმა საქართველომ” პუშკინის სკვერში საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა

“ევროპულმა საქართველომ” დღეს პუშკინის სკვერში აქცია გამართა და თბილისის საკრებულოს მიერ პარასკევს მიღებული გადაწყვეტილება  გააპროტესტა.

აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის წევრებმა  და თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ მიმართეს.

“თქვენ დღეს მოხვედით ჩემთან კი არა, არამედ თქვენი ქალაქის დასაცავად. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ვიქნებით და არავის არ დავუთმობთ ამ ქალაქს,”-უთხრა მერობის კანდიდტმა სკვერში შეკრებილ მხარდამჭერებს.

საკრებულოს უმრავლესობამ 29 სექტემბერს პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი “თაბორი რიზორთსის” სასარგებლოდ მოხსნა.

“ეს არის [აქცია]  “ევროპული საქართველოს” პროტესტი მტაცებლობაზე, რომელსაც ეწევა დღეს ბიძინა ივანიშვილი. ის წირავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტებს. მათ ფაქტიურად სახელმწიფო ნოტარიალურ კანტორად აქციეს. მთავარი პროტესტი, რა თქმა უნდა, 21 ოქტომბერს იქნება. ქართულმა საზოგადოებამ უარი უნდა თქვას ისეთი ტიპის მმართველობაზე, როდესაც ქალაქის სათავეში მოსვლა ნიშნავს საკუთარი კეთილდღეობის გაძლიერებას. როდესაც მერობის კანდიდატი, ქართული ოცნებიდან” საკუთარი სამშენებლო ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავს. ამას უნდა ვუთხრათ, საბოლოო ჯამში, უარი და ვერც ერთი მერი ვერ გაბედავს იმას, რომ ასე დააქუცმაცოს ქალაქი,”-აცხადებს ელენე ხოშტარია.

"ევროპული საქართველოს" აქცია პუშკინის სკვერში. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ვარადაშვილი. 01.10.2017

“ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ  საკრებულოს მიერ პანორამა თბილისის შესახებ მიღებულ  გადაწყვეტილებას პასუხი 21 ოქტომბერს არჩევნების გზით გაეცემა.

“ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შიდა ეზოდ გადააქციოს თბილისი და ბოტანიკური ბაღი. ის იტაცებს თბილისის ქონებას. ის იტაცებს საქართველოს ქონებას. მას სურს ძალაუფლება კონვენტირდეს ქონებაში. სრულიად თავხედური ნაბიჯი იყო, რომ არჩევნების წინ მან გაბედა და თავის საკრებულოს ეს გადაწყვეტილება მიაღებინა. ეს არის გამოწვევა ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის გამოწვევა თბილისისთვის და ჩვენ არ უნდა ვაპატიოთ მას ეს ნაბიჯი,”-ამბობს სერგო რატიანი.

აქციაზე იმყოფებოდა თბილისის ყოფილი მერი და “ევროპული საქართველოს”  წევრი გიგი უგულავა. გიგი უგულავას თქმით, ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მისი მერობის პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, ლანდაფტურ-რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნების პირობით გაიყიდა.

“ის, რაც ხდება, აბსოლუტურად უტიფარი დამოკიდებულებაა. გარდა იმისა, რომ მიტაცება ხდება იმ ტერიტორიის, გარდა იმისა, რომ ამოვარდნილია ყველა პარამეტრიდან არქიტექტურული თვალსაზრისით, ზომების თვალსაზრისით და ა.შ. ეს ხდება ახსნის გარეშე, ყოველგვარი განმარტების გარეშე. იქნებ დავიჯეროთ, რომ მართლა შეიძლება კარგს აკეთებს, ამას ახსნა ხომ სჭირდება ?! საკრებულოზე მათმა წარმომადგენელმა ერთი წუთი ილაპარაკა. მისი თქმით, ჯერ არ იციან, როგორი იქნება. აქ ახლა არის საჯარო პარკი [პუშკინის სკვერი], ქვევით რომ მოეწყობა პარკინგი,  ზემოდან მუზეუმში მომსვლელ ადამიანს რა ეშველება? დააყენებს ის მანქანას? ამ კითხვებზე პასუხი არ არსებობს.  ბოტანიკური ბაღის კარგი ტერიტორია წაიღეს და ახლა ხრიოკს იძლევიან. თავის დროზე ეს ტერიტორია, რომელიც იყიდა, მაშინ მერი ვიყავი და ის მიწა შესყიდული იქნა მხოლოდ და მხოლოდ ლანდაფტურ-რეკრეაციული ფუნქციის შენარჩუნებით. ეს არის ჩვეულებრივი გავლენით ვაჭრობა და კორუფცია,”- განუცხადა “ნეტგაზეთს” გიგი უგულავამ.

პანორამა თბილისის ფარგლებში, 1946 მ2-ის ფართობის მიწის ნაკვეთზე  რამდენიმედონიანი ავტოსადგომი უნდა აშენდეს, რომელიც სავარაუდოდ, 30 მანქანაზე იქნება გათვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი