ახალი ამბები

გიორგი ტყემალაძე: საკრებულომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო

29 სექტემბერი, 2017 • 2089
გიორგი ტყემალაძე: საკრებულომ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, 29 სექტემბერს, თბილისის საკრებულომ, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით სადავო საკითხები დაამტკიცა.

კერძოდ, საკრებულოს უმრავლესობამ პუშკინის სკვერთან, პანორამა თბილისის სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი “თაბორი რიზორთსის” სასარგებლოდ მოხსნა.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ალეკო ელისაშვილმა, მარინა დათუკიშვილმა, სევდია უგრეხელიძემ და შორენა ბუხრაშვილმა.

სხდომის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატები, ზაალ უდუმაშვილი და ელენე ხოშტარია ეწინააღმდეგებოდნენ საკითხის განხილვას, რის გამოც დაპირისპირება მოხდა.

“ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ექნებათ უპრეცედენტო სარეკრეაციო სივრცე და კიდევ ერთი მიწისქვეშა პარკინგი, რომლითაც ისინი ისარგებლებენ… მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩვენ ნამდვილად შევუწყვეთ ხელი, რომ აღნიშნული ტერიტორია ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოდ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა იქნება შექმნილი. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი მოქალაქეების არის ის, რომ თბილისში შეიქმნას დამატებითი საპარკინგე სვირცეები და ზუსტად ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმისათვის, რომ ამ კომპანიამ მომავალში უკვე განახორციელოს მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობა,”- განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ.

მან ისიაუბრა ოპოზიციის შესახებაც და განაცხადა, რომ ისინი დებოშის მოწყობას და ამ საკითხის ჩაშლას ცდილობდნენ.

“მინდა გითხრათ, რომ შესაბამისად იქნა ყველა ის გადაწყვეტილება მიღებული, რომ რეგლამენტი ყოფილიყო დაცული და საკრებულოს სხდომის ჩაშლის უფლბა ნამდვილად არ ჰქონდა არც ერთ ოპოზიციონერს,”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ოპზიციამ ეს საკითხები პოლიტიკურ დღის წესრიგში გადაიყვანა და წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი