ახალი ამბები

ნანუაშვილი: მღებრიშვილს არ აქვს სრული წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე

1 ოქტომბერი, 2017 • 2339
ნანუაშვილი: მღებრიშვილს არ აქვს სრული წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს არ აქვს სრული წარმოდგენა ადამიანის უფლებებზე და ჟარგონებით საუბრით მღებიშვილი სამართალდამცავ სისტემაში არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

საქმე ეხება სახალხო დამცველის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულმა სერგო მამასასლისმა, რომელიც ამჟამად გლდანის ციხეშია მოთავსებული, ომბუდსმენის რწმუნებულს განუცხადა, რომ იგი პოლიციელებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით აწამეს.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით მღებრიშვილმა განაცხადა, რომ არ სურს, ომბუდსმენის ინსტიტუტი “კრიმინალების გამპრავებელ კანტორად” გადაიქცეს.

“მე უბრალოდ ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება და აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და უფრო მეტი სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებით ვაკეთებთ რაიმე განცხადებებს. მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს კრიმინალების გამპრავებელ კანტორად,”- განაცხადა 27 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას გორგი მღებრიშვილმა.

დღეს, 1 ოქტომბერს, ომბუდსმენმა მღებრიშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მინისტრს წარმოდგენა არ აქვს არც სახალხო დამცველის მანდატზე, არც ადამიანის უფლებებზე:

“ბატონ მინისტრს არ აქვს სრული წარმოდგენა სახალხო დამცველის მანდატზე  და ზოგადად ადამიანის უფლებებზე. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგანაც, სახალხო დამცველი სწორედ მანდატის შესაბამისად იქცეოდა. როდესაც მინისტრი ჟარგონებით საუბრობს, ვფიქრობ, ეს არის ძალიან სამწუხარო და ამით რეალურად იმ სისტემური პრობლემების, რომელიც სისტემაში არსებობს, ზოგადად, გადაფარვაა ამ განცხადების მიზანი, ვიდრე ის, რომ რეალურად მოხდეს ამ ფაქტების გამოძიება,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენმა სერგო მამასახლისის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა. პროკურატურამ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ მათ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების მუხლით დაიწყეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი