ახალი ამბები

პროკურატურამ პოლიციელების მიერ ბრალდებულების შესაძლო წამებაზე გამოძიება დაიწყო

27 სექტემბერი, 2017 • 2009
პროკურატურამ პოლიციელების მიერ ბრალდებულების შესაძლო წამებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, დაიწყო გამოძიება ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულების განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი პოლიციელებმა დანაშაულის აღიარების მიზნით აწამეს.

კერძოდ, ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებული ს.მ. ომბუდსმენთან და “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბრისას ამბობს, რომ ვაკე-საბურთალის პოლიციის მეექვსე განყოფლებაში სასტიკად სცემეს- პოლიციელი თავში ფეხს ურტყამდა, დაემუქრნენ ოჯახის წევრების გაუპატიურებით და ცემის დროს გონება დაკარგა. “ადამანის უფლებათა ცეტრის” ცნობით, მისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

ს.მ. ყაჩაღობაში ბრალდებულია  თ.ხ-სა და ბ.მ-სთან ერთად. მათ სასამართლოზე, პირველი წარდგენის სხდომაზე განაცხადეს პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, ასევე თქვეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს.

სამივე პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტებაზე პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

“ბ.მ – ს,  თ.ხ – ს, ს.მ – ს და გ.ს – ს წარდგენილი აქვთ ბრალდება ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქ.თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,ალფაs“ საწყობზე ყაჩაღური თავდასხმისა და პერსონალის მიმართ იარაღისა და ძალაყინების გამოყენებით განხორციელებული სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის, ასევე ამგვარი ძალადობის გამოყენების მუქარისათვის.
2017 წლის 23 სექტემბერს თ.ხ- ს,  ს. მ – ს და ბ. მ – ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2017 წლის 24 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით სამივე ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა.

ბრალდებულებმა სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე განმარტეს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულებმა ასევე  განაცხადეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში აშიმშილეს.

აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ, პროკურორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ბრალდებული  პირების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

ამავე საქმეზე  საქართველოს მთავარ პროკურატურას 2017 წლის 27 სექტემბერს მიმართა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა და ითხოვა ბრალდებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოძიება.

ამ დროისთვის საქართველოს პროკურატურა აქტიურად ატარებს შესაბამის საგამოძიებო  და საპროცესო მოქმედებებს, ხოლო მიღებული შედეგებისა და გადაწყვეტილებების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას,”- აცხადებს პროკურატურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი