ახალი ამბები

რეპორტაჟი დიციდან [ფოტო/ვიდეო]

1 ივნისი, 2013 • • 3007
რეპორტაჟი დიციდან [ფოტო/ვიდეო]

 

მიკროავსტბუსში რადიოა ჩართული და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის:

 

“ზედმეტი ისტერიკებიც არ უნდა ამ პროცესს”. “თურმე, რა ტყუილად მეგონა, რომ ბიძინა პუტინს იცნობდა და ხეობის პრობლემებს მოაგვარებდა” – ამბობს პრემიერის განცხადების მოსმენის შემდეგ გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მიმავალი ასაკიანი მგზავრი – “თუ ბიძინამ ვერ მოაგვარა, სხვა ვინ შეძლებს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებას?”

 

მიკროავტობუსი სოფელ დიცში, ქართულ საგუშაგოსთან ჩერდება, სადაც სამართალდამცველები მგზავრებს აკვირდებიან და უცხო სახეების აღმოჩენის შემთხვევაში მათი სოფელში ვიზიტის მიზეზით ინტერესდებიან. კონტროლი გამკაცრებულია.

 

დიცი, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების უმაღლესი რანგის პირების მიერ დეკლარირებული მიზნის, დიალოგის უმთავრეს გამოწვევად იქცა, საკმაოდ დიდი სოფელია, სადაც 500-დე ოჯახი ცხოვრობს, ხოლო ქართულ საგუშაგოსთან დაახლოებით 100 მეტრის მანძილზე მდებარე საჯარო სკოლაში 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობს.

 

ე.წ. საზღვარის აღმნიშვნელი ბანერი
ე.წ. საზღვარის აღმნიშვნელი ბანერი

 

დიცელები იხსენებენ, რომ საოკუპაციო ზოლზე, რომელიც სოფლის ბოლოს ებმის და მინდორს ჰყოფს შუაზე, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა აქტივობა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს. ადგილზე მობილიზებული პოლიციელები, არ ეთანხმებიან ბოლო დღეების განმავლობაში გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დიცში “საზღვარი” რამდენიმე ასეული მეტრით ახლახანს გადმოიწია. მათი თქმით, ეს ტერიტორია ისედაც ოკუპირებული იყო და გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენდა, თუმცა ახლა იმ იქ ოკუპანტებმა საინჟინრო მოწყობილობების განთავსება დაიწყეს და უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, მავთულხლართებსაც გააბამენ.

 

“ჯერჯერობით დიცში მავთულხლართები არ არის. მავთულხლართები ქარელის რაიონის სოფელ დვანში გააბეს”, – ამბობს დიცის პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელიც მანქანით საოკუპაციო ზოლთან მიგვაცილებს.

 

რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ დადგენილ “ახალ საზღვრებში”, რომლის სამონტაჟო სამუშაოები ამ დროისთვისაც გრძელდება, დიცის მკვიდრი ბერუაშვილების ოჯახის სახლი და სასაფლაო ჰყვება. რაც შეეხება სარწყავ ნაგებობას, დიცელები ამბობენ, რომ მათ ეს მნიშვნელოვანი სისტემა ჯერ კიდევ 2008 წლის ომის დროს დაკარგეს, როდესაც ოკუპანტებმა სოფელი ერედვი დაიკავეს და ქართულ სოფლებს წყალი გადაუკეტეს. სარწყავი წყლის არ არსებობა დღემდე საოკუაპაციო ზოლთან მდებარე რამდენიმე სოფლის უმთავრესი პრობლემაა. დიცელები ამბობენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიიდან, რომელიც მათგან არც ისე შორსაა, სროლის ხმები ხშირად ისმის, თუმცა ამას უკვე მიეჩვივნენ. მათი თქმით, ტერიტორიების ოკუპაციამ სოფელს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა, რადგან საძოვრები, სადაც შინაური ცხოველი საბალახოდ მიჰყავდათ, ახლა მათთვის ხელმისაწვდომი აღარ არის, დაიკარგა მოსახლეობის კუთვნილი მიწის ნაკვეთები და ყველაზე მთავარი: სარწყავი წყლის სისტემა.

 

“ფაქტობრივად, შიშში გვიწევს ცხოვრება. ქალები ბაღებში ვერ მივდივართ, კაცებსაც ეშინიათ, რადგან შეიძლება დააპატიმრონ”, – ამბობს სოფლის ერთ-ერთი მკვიდრი.

 

მირიან მძინარაშვილი
მირიან მძინარაშვილი

სოფლის დალაქის, მირიან მძინარაშვილის განცხადებით, რომელსაც ამ პროფესიით მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვს, მოსახლეობა რუს ე.წ. მესაზღვრეებს ხშირად ხედავს, თუმცა თუ “საზღვარს” არ გადაკვეთ, მათი მხრიდან აგრესიის გამოვლენის ალბათობა მინიმალურია.

 

“ზოგიერთი რუსი მესაზღვრე გვესალმება ხოლმე, ზოგი – არა. როგორც ჩვენშია კარგიც და ცუდიც, ისეა იქაც. ისინი აქეთ არ გადმოდიან. სადაც შემოსაზღვრეს იმ ხაზს არ სცდებიან”, – ამბობს იგი.

გოჩა სოსიაშვილი, რომლის 24 წლის შვილი როსტომ სოსიაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 29 მაისს დააკავეს, აცხადებს, რომ მსგავსი ბრალდებით მოსახლეობის დაკავების შემთხვევები არც თუ ისე ცოტაა. ადამიანებს აკავებენ საძოვარზე ცხოველის გაყვანისას, ბაღში გადასვლისას, შეშის ჩეხვისას და ასე შემდეგ.

 

“არ ვიცი, სად ჰყავთ ჩემი შვილი. მეც ტელევიზიიდან ვიგებ ამბებს. არ ვიცი გამოსასყიდი უნდათ თუ რა უნდათ. ჯანმრთელობა ისედაც შერყეული ჰქონდა და იქ როგორ იქნება არ ვიცი”. 31 მაისს, ოკუპანტებმა ორი ადამიანი სოფელ ქვეშშიც დააპატიმრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი ცხინვალშია გადაყვანილი.

 

დიცელები იხსენებენ, რომ მოყოლებული 2008 წლიდან სულ ოცამდე მათი თანასოფლელი იქნება დაკავებული ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით. უმეტეს შემთხვევებში დაკავებულებს იმავე დღეს ათავისუფლებდნენ, ამიტომ, ხშირად ეს ინფორმაცია საინფორმაციო გამოშვებებში ვერ ხვდებოდა. ზოგიერთი დიცელი ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე რამდენჯერმეა დაკავებული და გათავისუფლებული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგნლების მიერ. მიუხედავად აღნიშნული პრაქტიკისა, მოსახლეობისაგან სოფლის დაცლის მზარდი დინამიკა ჯერ მაინც არ შეინიშნება. ადამიანები ამბობენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. არიან ისეთებიც ვინც თანახმაა, რომ სოფელში საკუთარი მამაპაპიესული სახლი მიატოვოს და საცხოვრებლად გორთან ახლოს, იმ კოტეჯებში გადავიდეს, სადაც ლიახვის ხეობიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. სოფელში იგრძნობა ახალგაზრდების ნაკლებობა.

 

“წასასვლელი რომ იყოს, აქ ვინ გაჩერდება? შიმშილობა არავის უნდა. სოფელში ყველა გაჭირვებულია. ვერავისზე იტყვი, რომ მდიდარია”.

 

როგორც ირკვევა, ოკუპანტები შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში ტერიტორიების შემოსაზღვრის პროცესში საბჭოთა რუკებით ხელმძღვანელობენ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქის აღდგენას ცდილობენ. სწორედ ამ “საზღვრებში” ექცევა დიცის ის ნაწილი, სადაც რამდენიმე დღის წინ რუსმა “მესაზღვრეებმა” საინჟინრო მოქმედებები დაიყეს. აღნიშნული რუკის მიხედვით მინდორი, სადაც რუსი მესაზღვრეები მავთულხლართების გაბმას აპირებენ, ოკუპრებულ ერედვს ეკუთვნის.

 

სოფლის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები შემორჩა, მიწა მთავრობის პროგრამის დახმარებით უკვე დახნული აქვს, თუმცა არ იცის შემოდგომაზე მოსავალს აიღებს თუ არა, რადგან მის მორწყვას ვერ ახერხებს. დიცელები არ იცნობენ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავარობამ შესაძლოა, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებ ადამიანებს გარვეული სახის დახმარება შესთავაზოს, იმისათვის, რომ ქართული სოფლები მოსახლეობისაგან არ დაიცალოს. დიცელების განცხადებით, თუ ვინმე მათ დახმარებას გადაწყვეტს, პირველ რიგში სარწყავი წყლის პრობლემა უნდა მოუგვაროს, ხოლო შემდგომ საძოვრების საკითხი გადაჭრას.

 

“წყლის გარეშე სოფლის არსებობას აზრი არ აქვს. ერთი საძოვარი “საზღვრის იქით დარჩა, ხოლო მეორე – კერძო ინვესტორმა იყიდა და შიგ არ გვიშვებს”, – ამბობენ ისინი. გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ თითქმის ყველა ოჯახი სოციალურად დაუცველია და ელემენტარული საყოფაცხოვრებო საშუალებებით დახმარებას საჭიროებს.

 

ოფიციალური თბილისი რუსი მესაზღვრეების ქმედებებს გმობს და საერთაშორისო ორგანიზაციებს კრემლზე ზეწოლისაკენ მოუწოდებს. დიცელებმა არ იციან, როგორ შეიძლება დარეგულირდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და შესაბამისად მათი სოფლის პრობლემებიც მოგვარდეს, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სოფელში რუსეთი მტრად ყველას არ მიაჩნია და მასთან კარგ ურთიერთობებს უჭერს მხარს, თუმცა რის ხარჯზე და რის სანაცვლოდ, ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. სოფლის მოსახლეობას ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტებისა და პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების მაინცდამაინც დიდი იმედი არ აქვს, თუმცა 31 მაისის ერგნეთის შეხვედრაზე იმყოფებოდა, დაკავებული როსტომ სოსიაშვილის მამა, რომელსაც დაპირდნენ, რომ მის შვილს 2-3 დღეში გაათავისუფლებენ.

 

მიუხედავად ბოლო დღეებში განვითაებული მოვლენებისა, სოფელში ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. მუშაობას აგრძელებს საჯარო სკოლა, სადაც ბავშვები მეზობელი სოფელ ქორდიდანაც დადიან. მოსახლეობის განცხადებით, სოფელი არ უნდა დაიცალოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ოკუპანტების სასარგებლოდ “საზღვრები” კიდევ შეიძლება შეიცვალოს. მათი თქმით, თუ ოდესმე სოფლის მოსახლეობისაგან დაცლის საფრთხე გაჩნდება, ეს არა ოკუპნატების შიშის, არამედ იმ გაჭირვებისა და სოციალური პირობების გამო მოხდება, რაშიც დიცელებს უწევთ ცხოვრება.

 

“სოფლის მეურნეობის ორივე მიმართულებით გვაქვს პრობლემა: მიწაზე ვერ ვმუშაობთ იმიტომ, რომ სარწყავი წყალი არ გვაქვს და შინაური ცხოველი საძოვარზე ვერ გაგვყავს. თუ წყალი არ გვექნა და მოსავალი ვერ მოვიყვანეთ, გაზაფხულზე დაიცლება სოფელი… აბა, რისთვის უნდა იყო აქ. სოფელში ლობიო ხომ მაინც უნდა მოიყვანო? ომის შემდეგ, 5 წელია წყალი არ გვქონია”, – აცხადებს მზია მინდიაშვილი.

 

“რომ შემეძლოს, აქ ერთი დღე არ გავჩერდები, მაგრამ სიარულიც აღარ შემიძლია”, -ამბობს ლია დუღაძე.

“დღეისათვის სოფელი მთლიანად შინაურ ცხოველებზეა დამოკიდებული. ძროხებსაც შიშით ვაძოვებთ. თუ ასე გაგრძელდა წავა ხალხი აქედან, აბა რას იზამს”, – აღნიშნავს მირიან მძინარაშვილი.

 

“წყალი ჩვენი უმთავრესი პრობლემაა, ხშირად სასმელი წყალიც გვიჭირს. წყალი რომ გვქონდეს, მოსავალს მოვიყვანთ და ვიცხოვრებთ. მთავრობის შეწუხებაც არ დაგვჭირდება. ახლა არაფერს აზრი არ აქვს. დათესავ და ხმება, მოსავალი არ მოდის”, – ამბობს გოჩა სოსიაშვილი.

 

დიცის მოსახლეობის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ოკუპანტების მიმართ ერთგვარი შიში არსებობს, უმთავრეს პრობლემას მაინც სოციალური საკითხები წარმოადგენს და არა მათგან რამდენიმე მეტრში განთავსებული რუსი ჯარისკაცები.

 

პოლიციის შენობა დიცში
პოლიციის შენობა დიცში

სახლი დიცში, რომლის შემდეგაც ოკუპირებული ტერიტორიები იწყება
სახლი დიცში, რომლის შემდეგაც ოკუპირებული ტერიტორიები იწყება

ოკუპირებული ტერიტორიები
ოკუპირებული ტერიტორიები

წმინდა გიორგის სახელობის ტაძაი სოფელ არბოში
წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი სოფელ არბოში

 

 

საოკუპაციო ზოლი სოფელ დიცში
საოკუპაციო ზოლი სოფელ დიცში

 

პოლიციის საპატრულო მანქანა საოკუპაციო ზოლთან
პოლიციის საპატრულო მანქანა საოკუპაციო ზოლთან

 

 

 

მშენებარე სალოცავი დიცში
მშენებარე სალოცავი დიცში

 

გამყოფი ზოლი
გამყოფი ზოლი

ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული საინჟინრო მოწყობილობა
ოკუპანტების მიერ დამონტაჟებული საინჟინრო მოწყობილობა

მასალების გადაბეჭდვის წესი