ეს განცხადება ბურჯანაძემ დღეს, 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, მომავალი პრეზიდენტი არა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ უნდა იყოს დანიშნული, არამედ საყოველთაო–სახალხო არჩევნების შედეგად.
ამასთან, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აზრით, ქვეყნის უმაღლეს თანადმებობაზე უნდა იყოს არჩეული ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება გააჩნია.
“ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში საერთოდ კითხვაც კი არ ისმის იმასთან დაკავშირებით, უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს პოლიტიკური გამოცდილება. რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს პროფესიონალი პოლიტიკოსი, რომელიც საგარეო საქმეებში მნიშვნელოვანი როლს ითამაშებს.
“ის, რაც დღეს სოფელ დიცთან ხდება, გვაჩვენებს იმას, რომ საერთაშორისო არენაზე სერიოზული პრობლემები გვაქვს. ეს პრობლემები მოდის ნაციონალური მოძრაობის მმართველობიდან, მაგრამ დღეს, რომ არათუ პოლიტიკური გარღვევა არ გვაქვს, არამედ დამატებითი პრობლემები გვაქვს, ეს არის ფაქტი. ამ პრობლემების მოგვარებას დილეტანტი, თუნდაც ძალიან კარგი ადამიანი პრეზიდენტის თანამდებობაზე, ვერ შეძლებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვიცოდეთ, პოლიტიკა არის ის, რითიც სახელმწიფო იმართება, პოლიტიკოსები უნდა მართავდნენ ქვეყანას და არ უნდა გავიზიაროთ ის მოსაზრება, რომელიც ავად სახსენებლ საბჭოთა კავშირში არსებობდა ხოლმე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მართვა ყველას შეუძლიაო. საქართველოს დღეს სჭირდება გამოცდილი პოლიტიკოსი და ადამიანი, რომელმაც იცის როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკა, ადამაიანი, რომელსაც იცნობენ და აქვს სერიოზული კონტაქტები და ადამიანი, რომელიც შეძლებს სახელმწიფო ინტერესების დაცვას”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ნინო ბურჯანაძეც აპირებს.