ახალი ამბები

ბურჯანაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი პოლიციელის დედას სამართლებრივი დახმარება შესთავაზა

30 მაისი, 2013 • • 1254
ბურჯანაძე აცხადებს, რომ გარდაცვლილი პოლიციელის დედას სამართლებრივი  დახმარება შესთავაზა

როგორც ბურჯანაძემ დღეს, 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მანსურაშვილის დედას გულწრფელად უთანაგრძნობს და იმედოვნებს, რომ ამ უკანასკნელის მიერ გაკეთებული განცხადება მხოლოდ არასწორი ინფორმირების შედეგია და ამ ყველაფერის უკან სხვა არაფერი დგას.

ნინო ბურჯანაძე ადასტურებს აღნიშნული პოლიციელის დედის, ანა მანსურაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მას დახმარება შესთავაზა. ბურჯანაძის მტკიცებით, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ დახმარებაზე სიმართლის დადგენასთან დაკავშირებით და გაუგებარია, თუ რა მოტივით თქვა მან ამაზე უარი.

ბურჯანაძის თქმით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მას გააჩნია, შეუძლია განაცხადოს, რომ წინა ხელისუფლებას 2011 წლის 26 მაისს ყველაფერი ისე ჰქონდა მოწყობილი, რომ ადგილზე პოლიციელი დაღუპულიყო. მისი თქმით, ობიექტური გამოძიება ამ საკითხს აუცილებლად დაადგენს და საბოლოო ჯამში კვალი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილამდე მივა.


შეგახსენებთ, რომ მანსურაშვილის დედამ ბურჯანაძის წინააღმდეგ განცხადება 29 მაისს გააკეთა. მან “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის დასჯა მოითხოვა. იგი ფიქრობს, რომ 26 მაისს მის შვილს ბურჯანაძის ესკორტი დაეჯახა. ანა მასურაშვილმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომხდარის შემდეგ ბურჯანაძე მას დახმარებას ჰპირდებოდა, თუმცა ოჯახმა პრეზიდენტობის კანდიდატს უარი უთხრა. 2011 წელს პოლიცია ამტკიცებდა, რომ 26 მაისის აქციაზე  ვლადიმერ მანსურაშვილს ბურჯანაძის ესკორტის ორი მანქანა დაეჯახა, რასაც სამართალდამცველის დაღუპვა მოჰყვა. მომხდარის გამო მაშინ რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის ის ადმაინები, ვინც მანქანებს მართავდნენ, თუმცა დაპატიმრებული პირები ხელისუფლებაში განხორციელებული ცვლილების შემდეგ პოლიტპატიმრების შესახებ მიღებული საკანონმდებლო აქტის საფუძველზე ამნისტიით გათავისუფლდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი