ახალი ამბები

სუბარი: გეგუთის ციხის უფროსს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს

30 მაისი, 2013 •
სუბარი: გეგუთის ციხის უფროსს უფლებამოსილება შეჩერებული აქვს

სუბარის განცხადებით, გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს და ამის შემდეგ გაირკვევა იმ კონკრეტული პირების ვინაობა, ვისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 

სასჯელაღსრულების მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ პატიმრის გარდაცვალების გამო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მათი უწყების პრესსამსახური არ დაისჯება, თუმცა სუბარმა მანამდე, “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

 

სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

“ჩვენმა პრესსამსახურმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ეს პატიმარი კიბეზე დაგორდა. პრესცენტრის თანამშრომელი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის დაისჯება.”

 

შეგახსენებთ, რომ პატიმრის გარდაცვალების თაობაზე 23 მაისს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო პატიმრის კიბიდან დაგორება. მოგვიანებით სამინისტრომ ტექსტი შეცვალა და აღნიშნა, რომ პატიმარმა დაზიანებები მიიღო ციხეში მომხდარი კონფლიქტის დროს.

 

სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრესსამსახურმა მცდარი ინფორმაცია გაავრცელა გეგუთის კოლონიიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და ამის გამო, აღნიშნულ სამსახურში არავინ დაისჯება. მისივე თქმით, ის არც გენერალური ინსპექციის მირზა სუბელიანის დათხოვნას გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გეგუთის ციხეში პატიმრებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი მსჯავრდებული დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი