ახალი ამბები

კავკასიის თასი 2017 – კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი თბილისში

28 სექტემბერი, 2017 • 1839
კავკასიის თასი 2017 – კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირი თბილისში

1 ოქტომბერს დიღმის ჭალებში მდებარე „ახალი თბილისის“ ტერიტორიაზე, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში, კონტაქტურ კარატეში საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017“ გაიმართება. ამის შესახებ სპორტის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.

ღია საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, ყაზახეთის, უკრაინის და საბერძნეთის ნაკრები გუნდების სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. შესარჩევი ორთაბრძოლები 1 ოქტომბერს, 11:00 საათიდან დაიწყება, 16:00 საათიდან კი გაიმართება საზეიმო გახსნა, ნახევარფინალური და ფინალური ორთაბრძოლები.

საერთაშორისო ტურნირი “კავკასიის თასი” 1998 წლიდან ტარდება და მასში კავკასიის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ. სპორტის სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში ასპარეზობის სურვილი სხვა ქვეყნებმაც გამოთქვეს და უკვე მე-4 წელია, რაც მონაწილეთა შემადგენლობა სულ უფრო მრავალფეროვანია. შეჯიბრება, რომელიც კონტაქტური კარატეს საერთაშორისო წესებით ტარდება, სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას ეძღვნება.

მამაკაცებს შორის ტურნირი 4 წონით კატეგორიაში გაიმართება: -65კგ.; -75კგ.; -85კგ.; +85კგ, ხოლო ქალებში- აბსოლუტურ წონით კატეგორიაში. შეჯიბრებას დაესწრებიან ევროპის კარატეს ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტები, ევროპის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფედერაციების პრეზიდენტები.

სპორტის სამინისტროს განცხადებით, ტურნირის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო სამსაჯო და ტრენინგ-სემინარები, დაგგემილია თბილისის სპორტის სასახლის დათვალიერება, ინსპექტირება და შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ევროპის კარატეს ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 2020 წლის აპრილში თბილისი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს.

კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017“ 1 ოქტომბერს გაიმართება. ფოტო: სპორტის სამინისტრო

კონტაქტურ კარატეში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი „კავკასიის თასი 2017“ 1 ოქტომბერს გაიმართება. ფოტო: სპორტის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი