ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ უნდა მივიყვანოთ სეკულარიზაციის საკითხები ბოლომდე [Video]

29 მაისი, 2013 • • 1563
ლევან ბერძენიშვილი: ჩვენ უნდა მივიყვანოთ სეკულარიზაციის საკითხები ბოლომდე [Video]

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ არ მიმართა სასამართლოს იმ სასულიერო პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით, რომლებსაც 17 მაისს თბილისში მომხდარი ძალადობრივი აქციის გამო ბრალი წაუყენა.

 

ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია. მისი თქმით, საქმე არ გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როცა აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას მნიშვნელობა აქვს:

 

“მთავარი იქნება სასამართლოს ძირითადი სხდომა და იმ გადაწყვეტილების მიღება, რამდენად მკაცრად იქნება განხილული ეს დანაშაული და როგორ იქნება დასჯილი. მე არ ველოდი აღმკვეთ ღონისძიებას, მე ძალიან გამიკვირდებოდა პროკურატურას მართლა რომ ჰქონოდა არგუმენტი აღმკვეთი ღონისძიებისთვის. რეალურად არ არის ასეთი, ისინი ვერსად მიმალვას და ვერავისზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ, ამიტომ ეს არ მგონია მნიშვნელოვანი ნაწილი. მნიშვნელოვანი მგონია თვითონ გადაწყვეტილება, მათ მიმართ საქმე აღძრულია და ასევე მნიშვნელოვანი მგონია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.”

 

კითხვაზე, აქვს, თუ არა გონივრული ეჭვი მსგავსი ინციდენტის განმეორების შესახებ, ბერძენიშვილი პასუხობს, ასეთი საფრთხე არ არსებობს:

 

“გონივრული ეჭვი, რომ ამ დღეებში საქართველოში ის განმეორდება, რაც 17-ში მოხდა, მე არა მაქვს და პროკურატურას საიდან ექნება არ ვიცი. მართალი გითხრათ, არ არის ასეთი საფრთხე ახლა, ამ წუთას. თუ ვინმე მოერიდებოდა მარტო იმიტომ, რომ ანაფორა აცვია და ჩათვლიდა, რომ ეს ალიბი არის, მაშინ იქნებოდა ძალიან სერიოზული შეკითხვები და ამ შემთხვევაში არა.”

 

მისივე თქმით, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს, ძალიან გონივრული ეჭვი გაუჩნდა, თუ რაში ჭირდებოდა “ტაბურეტი” მღვდელს:

 

“ციხეში ითვლება, რომ სხვა ორიენტაციის ადამიანისთვის ხელის დარტყმა არ შეიძლება, ხელის დაკარება არ შეიძლება და გამიჩნდა ეჭვი, რომ შეიძლება მღვდელი კრიმინალური მენტალიტეტისაა, ეს კონკრეტული მღვდელი. იმის მიხედვით რა ლექსიკას ფლობდა, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე მის ბიოგრაფიას არ ვიცნობ. კამერის მოქმედებას ჰგავდა, საკნის მოქმედებას ჰგავდა, საკანში რომ კაცი იმოქმედებს. ითვლება, რომ “იმნაირს” ხელი არ უნდა დაარტყა, რომ არ წაიბილწო, ტაბურეტი ამ მხრივ სასარგებლოა. არ ვიცი ახლა ამას რამდენად დამამძიმებლად ჩაუთვლიან, მაგრამ თავისთავად ჩვენ ღმერთები არ ვართ, ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება, მაგალითად, საქართველოში ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებდა “ტაბურეტის” როლის გაზრდას, ასე ვთქვათ, სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლაში.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ გადარევის და გავეშების ისეთ ინტენსივობას, როგორიც 17 მაისს იყო, არავინ ელოდებოდა. მისივე მტკიცებით, ხალხმა არ იცის, რომ ჰომოსექსუალი ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანია:

 

“პოლიცია კი არა, აკადემიური წრეები და პოლიტიკოსები არ ვარაუდობდნენ, თვითონ არ ვარაუდობდნენ. მონაწილეები ხომ ამბობენ, რომ მათ ეგონათ, რომ შარშანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. მდგომარეობა როგორ გაუმჯობესდებოდა, ხალხმა ორჯერ ორი, 4 რომ არის, ის არ იცის და ის როგორ ეცოდინება, რომ ჰომოსექსუალი ავადმყოფი არ არის, მაგალითად? ეს “ყველაზე კარგებს” ჰგონიათ, რომ ავად არიან და ცოდვა არიან და ნორმალური რომ არის და ჯანმრთლია, ამის დაჯერება არ უნდა არავის და ეს განათლების პრობლემაა, რა თქმა უნდა. ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ქვეყანაში განათლების სფეროში. სამოქალაქო უფლებების სფეროში და ადამიანის უფლებების სფეროში კატასტროფული მდგომარეობაა.”

 

ბერძენიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნულ პრობლემებს ახალგაზრდობა მოარიდა და კანონის დარღვევა ასწავლა:

 

“მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ამ პრობლემებს არიდებდა ახალგაზრდობას და ასწავლიდა კანონის დარღვევას, ბუჩქები და სხვა. ანუ, ეს რომ ესწავლებინა, ის თაობა მაინც გაიზრდებოდა, რომელსაც ეცოდინებოდა, რომ კანონს არღვევს.”

 

ბერძენიშვილი საინფორმაციო სააგენტო “ივერიონის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. კერძოდ, საუბარია პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას კომენტარზე 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც “ივერიონის” გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან განაცხადა, რომ “კონსტიტუციაზე და კანონზე მაღლა ნებისმიერი მორწმუნე ადამიანისთვის ღვთის სიტყვა და სახარება დგას”. 

 

ბერძენიშვილი ჟვანიას “ცეცხლოვან ინტელექტუალს” უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს განცხადებებს ვერ აიტანს:

 

“ბოლოს და ბოლოს (სააკაშვილის გატარებული პოლიტიკს გამო) მივიღეთ პარადოქსული პასუხი, ერთი-ორი “ცეცხლოვანი ინტელექტუალისგან”, რომ  კონსტიტუციაზე მაღლა დგას თურმე ღმერთის რწმენა და კანონებზე მაღლა. იცით რა, მე შეიძლება ავიტანო ნათქვამი, რომ მორალი ყველაფერზე მაღლა დგას, მაგრამ ეს არის ნათქვამი. ჩვენ გავასამართლებთ ყველას კანონების მიხედვით, მიუხედავად იმისა როგორ მიაჩნია მას.”

 

მისივე თქმით, მოძალადეს, მიუხედავად იმისა მღვდელია ის, თუ ვინმე სხვა, მამაღმერთიც ვერ უშველის:

 

“როგორც კი, მღვდელი იქნება, თუ სხვა”ტაბურეტს” ხელს დაავლებს და იმ ტაბურეტს ჩემს თავზე დაამხობს, მამა ღმერთი ვერ უშველის, ქართული კანონები გაასამართლებს მას.” 

 

დეპუტატი ამტკიცებს, რომ 17 მაისის გამოწვევა სასარგებლო აღმოჩნდა:

 

“ეს არის გამოწვევა. სასარგებლოც აღმოჩნდა ეს მოვლენა. კი, ქვეყნის იმიჯი შეილახა. მაგ დროს უცხოეთში ვიყავით და იმ წუთას შეკითხვები წამოვიდა, ბუნებრივია. “ნაციონალურ მოძრაობამ” არ მისცა ვინმეს საშუალება, რომ სხვაგვარად გაეაზრებინა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ხელისუფლება დასდევს და კლავს და სხვა… მაინც სასარგებლო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ დავინახეთ რა და სადაა პრობლემა. პირველი, ტექნიკური თვალსაზრისით სასარგებლოა. ხვალ, პოლიცია მზად იქნება აღკვეთოს ასეთი რამ და ძალასაც გამოიყენებს მოძალადეების მიმართ და ეცოდინება, რომ მოძალადეები ძალიანაც მოძალადეები აღმოჩნდნენ და მეორე და უფრო მთავარი, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და ძალიან მკაფიო მესიჯები. ის, რა განცხადებების გააკეთა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, არის დამაჯერებელი, რომ ამ კაცს ესმის უფლებები, ახლა მთავარი არის მოქმედებები.”

 

კითხვაზე, “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკა ერთია, მაგრამ თქვენ რა ნაბიჯებს დგამთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ბერძენიშვილი პასუხობს:

 

“ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით განათლება გავზარდოთ სერიოზულად. ჩვენ ვაპირებთ, რომ ადამიანის უფლებათა ნაწილში განათლება იყოს სერიოზული, არა – ფორმალური, არამედ – გაცილებით უფრო სერიოზული.”

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სეკულარიზმის პრობლემაზეც საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფო და ეკლესია აბსოლუტურად უნდა გაიმიჯნოს. ბერძენიშვილი პატრიარქის მიერ 16 მაისს გაკეთებულ განცხადებასაც იხსენებს და ამბობს, რომ ეს განცხადება აბსოლუტურად არასწორი იყო:

 

“ჩვენ უნდა მივიყვანოთ სეკულარიზაციის საკითხები ბოლომდე. განათლება და ეკლესია ბოლომდე და სრულად უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს, პოლიტიკა და ეკლესია აბსოლუტურად უნდა გაემიჯნოს ერთმანეთს. თქვენ იცით, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა საქართველოს პატრიარქიც კი, რომლის წინა დღის მოწოდებამ, რომ არ ჩაატაროთ მიტინგი, ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო კონტრმიტინგს, რაც აბსოლუტურად, წარმოუდგენლად არასწორი იყო, ჩემი აზრითაც. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რომ ის არ მოხდეს, რაც მოხდა. ეს უნდა იყოს შემობრუნების წერტილი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოში ყველას უფლება იქნება დაცული.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი