ახალი ამბები

ივანიშვილი: საზღვრის გადმოწევა შესაძლოა მინისტრის ან გენერლის დონეზე წყდებოდეს

29 მაისი, 2013 • • 1110
ივანიშვილი: საზღვრის გადმოწევა შესაძლოა მინისტრის ან გენერლის დონეზე წყდებოდეს

“მაინტერესებს საიდან მოდის ეს, უმაღლესი ხელისუფლებიდან თუ … არ გამოვრიცხავ, ეს უფრო დაბალ დონეზე, მინისტრის ან გენერლის დონეზე წყდებოდეს” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში. 

 

ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური
ბიძინა ივანიშვილი /ფოტო: ივანიშვილის პრესსამსახური

პრემიერმინისტრი ამ ფაქტთან დაკავშირებით, მძიმე დასკვნების გაკეთებას არ აპირებს:

 

“ძალიან სამწუხაროა, მე მითუმეტეს არ გაავკეთებ მძიმე დასკვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ ეს ჩვენი შერბილებული რიტორიკის ნაწილია. მე ამას არ ვეთანხმები და არ მინდა დავეთანხმო. ეს არ არის შერბილებული რიტორიკა.ჩვენ გვაქვს დიპლომატიური, ნორმალური, ჯანსაღი რიტირიკა. ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომელსაც არ ვფარავთ და ისე გავაგრძელებთ, რომ ჩვენ დავალაგოთ არა ომით და ძალით, არამედ ნორმალური ურთიერთობებით,  ნორმალური გამონათქვამებით. მარტივად ვერ დალაგდება, არასდროს არ გვქონია ამის ილუზია.როცა ოპოზიციაში ვიყავი, შეგიძლიათ ჩემი განცხადებები ნახოთ და გადაამოწმოთ. მე საკითხს არასდროს არ ვამარტივებდი. არც დღეს არ ვამარტივებ რთული პროცესი იქნება” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ინფორმაცია 27 მაისს დილით შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ გაავრცელა.

 

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია შს სამინისტრომ დაადასტურა.

 

“ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“

მასალების გადაბეჭდვის წესი