ახალი ამბები

გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

27 სექტემბერი, 2017 • 1698
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიაში ვიზიტისას გერმანიის ფედერაციული რესპიბლიკის კანცლერთან შეხვედრა გამართა. როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის დინამიკაზე, განიხილეს გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ისაუბრეს საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცე დახმარების მისიაში.

“გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად ხელსაყრელი გარემოა შექმნილი, რასაც საერთაშორისო ინსტიტუტების რეიტინგებიც ადასტურებს” – ვკითხულობთ განცხადებაში.

პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საკომუნიკაციო და ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირისთვის.

“პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზა-ლიბერალიზაცია, ასევე, სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური ვითარება იძლევა იმის ყველანაირ პირობას, რომ გერმანულმა ბიზნესწრეებმა უფრო აქტიურად განიხილონ საქართველო ბიზნესის საწარმოებლად, რაც მეტ ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას” – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, შეხვედრაზე ლიდერებმა ისაუბრეს გლობალური უსაფრთხოების საკითხების შესახებ და ამ კუთხით ქვეყნის როლზე რეგიონში. ასევე – საქართველოს მონაწილეობაზე ავღანეთის მტკიცე დახმარების მისიაში.  გერმანია მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი სამხედროების როლს აღნიშნულ მისიაში.

შეხვედრისას განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზზე არსებული მდგომარეობა. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და აქტიური შერიგების პოლიტიკისკენ. აღინიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი ამ მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს მისი პოლიტიკური გუნდის საპარლამეტო არჩვენებში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია ევროპისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი