ახალი ამბები

სასულიერო პირი კალაძის საარჩევნო შეხვედრაზე [ვიდეო]

26 სექტემბერი, 2017 • 8760
სასულიერო პირი კალაძის საარჩევნო შეხვედრაზე [ვიდეო]

თბილისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან კახა კალაძე და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ამავე პარტიიდან, რიმა ბერაძე დღეს ფიროსმანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა, ასევე, ფიროსმანის ქუჩის განვითარების 2-წლიანი პროექტი გააცნეს.

შეხვედრას სასულიერო პირიც ესწრებოდა, სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი დეკანოზი არჩილ ავანაშვილი, რომელმაც ნეტგაზეთთან განაცხადა, რომ იმ უბნის მაცხოვრებელი და “ერთ-ერთი ამომრჩეველია”. “რა პოლიტიკური აქცია?”,- გვითხრა სასულიერო პირმა, თუმცა მან მოსახლეობასაც მიმართა.

“მე მინდა ბატონი კახა დავლოცო და აღვუთქვა მას ჩვენი ერთგულება, გვერდზე დგომა, თანადგომა. თბილისი და ეს უბანი ყველასია. ჩვენს უბანში მრავალი ნაციონალობის წარმომადგენელი ცხოვრობს. საქართველო ყველასთვის ჩვენი სამშობლოა, ხოლო თბილისი – საყვარელი ქალაქი. ყველას გაგვიხარდება, როდესაც იქნება პიროვნება, ადამიანი, რომელიც ჩვენი უბნის წარმომადგენლებზე, მათი მომავლის განვითარებაზე, სიცოცხლისათვის იზრუნებს. მინდა დაგლოცოთ, მადლობა გითხრათ. თუ ჭურჭელი სუფთა არაა, იქიდან სუფთა ვერაფერი გადმოდინდება. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. თუ ერი და ბერი ერთად არ ვიქენით, ბოროტი სულები წაგვთელავენ, რომლებიც დღესაც გვებრძვიან და არ სურთ ჩვენი ერთობა, მაგრამ ყველას “გულის გასახარად” დედაეკლესია, ჩვენი ხელისუფლება და ყველა წესიერად, საღად მოაზროვნე ადამიანი, ერთ მუჭად შეკრული, მაინც ავაშენებთ საქართველოს, მაინც გავაერთიანებთ და ერთად ვიქნებით ყველას ჯინაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ”, – თქვა დეკანოზმა, რომელიც ილია მეორემ 2017 წელს მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. მიტრით დამსახურებულ დეკანოზებს აჯილდოვებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი