ახალი ამბები

ქურთისტანის რეფერენდუმი: შესაძლო დადებითი შედეგი და საერთაშორისო გამოხმაურება

26 სექტემბერი, 2017 •
ქურთისტანის რეფერენდუმი: შესაძლო დადებითი შედეგი და საერთაშორისო გამოხმაურება

25 სექტემბერს ერაყის ქურთისტანში ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. ისტორიული რეფერენდუმის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე: „ემხრობით თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ტერიტორიები ადმინისტრაციის კონტროლს გარეთ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო“. ქურთისტანის საარჩევნო კომისიის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობამ 72% შეადგინა. ავტონომიური რეგიონის ცენტრალური ტელევიზიის ინფორმაციით, დათვლილია 280 000-ზე მეტი ხმა, რომელთა მიხედვითაც, 93%-ით დადებითი პასუხი ლიდერობს. თუმცა მონაცემები არაოფიციალურია.

სანამ ერაყის ავტონომიური შენაერთი ჯერ კიდევ შედეგებს ითვლის, რეფერენდუმს ეხმაურებიან როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების ლიდერები.

“ისინი [ერაყის ქურთისტანი] ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, როდესაც სანქციებს ავამოქმედებთ”, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდებლობის რეფერენდუმს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.  Reuters-ის ცნობით, სატელევიზიო მიმართვისას ერდოღანი ქურთებს ღიად დაემუქრა და განაცხადა, რომ “მათ საკვების მოპოვებაც კი გაუჭირდებათ, თუკი ნავთობსადენი ჩაიკეტება და თურქეთი ერაყის ჩრდილოეთით ვაჭრობას შეაჩერებს”. თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირასაც ისაუბრა იმ ნავთობსადენის ჩაკეტვაზე, რომელიც სათავეს ერაყის ქურთისტანში იღებს და ნავთობს დანარჩენ მსოფლიოს აწვდის.  პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა კი თქვა, რომ ანკარა მკაცრ ზომებს მიიღებს ქურთისტანის რეგიონული მთავრობის  წინააღმდეგ, რომლებიც სახმელეთო და საჰაერო საზღვარსაც შეეხება.

ჯერ კიდევ გასულ კვირას, თურქეთმა, რომელიც პროცესს აქტიურად ეწინააღმდეგება, ერაყის ქურთისტანის საზღვართან სამხედრო წვრთნებიც დაიწყო, რომელსაც Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, ერაყელ სამხედროთა მცირე ჯგუფი შეუერთდა. თუმცა, როგორც პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, სამხედრო აქტივობები რეფერენდუმს არ უკავშირდება. ამასთან, რეფერენდუმის პარალელურად, თურქეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელმა ორგანომ ქვეყნის ტერიტორიაზე ქურთისტანის ცენტრალური ტელევიზია “Rudaw”-ის მაუწყებლობა შეწყვიტა; ინფორმაცია თავად ტელეკომპანიამ გაავრცელა.

ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმს მკაცრად უპასუხა ირანმაც, რომელმაც რეგიონთან საჰაერო სივრცე ჩაკეტა. როგორც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა მედიას განუცხადა, ოფიციალურმა თეირანმა გადაწყვეტილება ბაღდადის თხოვნის საფუძველზე მიიღო. მისი თქმით, გადაწყვეტილება პასუხია იმაზე, რომ ქურთისტანის მთავრობამ, ერაყისა და ირანის არაერთი თხოვნის მიუხედავად, რეფერენდუმი არ გააუქმა.

რეფერენდუმის პროცესს აკვირდება გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც „პოტენციურ დესტაბილიზაციას“ ელის. ვითარება ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა შეაფასა. გაეროს ვებგევრდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „გენერალური მდივანი მხარს უჭერს ერაყის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას და მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი ბაღდადსა და ერბილს შორის დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას“.

პროცესის მიმართ პოზიციას არც ოფიციალური ბაღდადი ცვლის და რეფერენდუმს კვლავ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა აიდერ ალ-აბადიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი რაიმე სახის ძალადობას გამოიწვევს და ერაყის მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს.

ერაყის ქურთისტანი, 5.2 მილიონიანი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა სუნიტია, ერაყის ნახევრად ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს და ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას ქურთისტანის რეგიონული მთავრობა მართავს, რომელიც დღევანდელი სახით 1992 წელს შეიქმნა. მმართველობის ფორმა კი საპარლამენტო დემოკრატიაა.

2003 წლის შემდეგ, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო და ქურთების ძალაუფლება მეტად განმტკიცდა, თვითგამორკვევის საკითხი დღის წესრიგში გაცილებით ფართო მასშტაბებით დადგა.  დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა გასული წლების მანძილზე არაერთხელ გახმიანდა, თუმცა თეორიადვე დარჩა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური სირთულეები, მეორე მხრივ კი, თავად ქურთულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოება იყო. თუმცა რიგი კონსულტაციების შემდეგ კონსენსუსი შედგა.

ქურთისტანის რეფერენდუმის, მისი წინაპირობებისა და საერთაშორისო რეაქციის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია, შეგიძლიათ,”ნეტგაზეთის” სტატიაში იხილოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი