ახალი ამბები

რა პერსპექტივა აქვს ქურთისტანის დამოუკიდებლობას – 1 კვირა რეფერენდუმამდე

19 სექტემბერი, 2017 • 3593
რა პერსპექტივა აქვს ქურთისტანის დამოუკიდებლობას – 1 კვირა რეფერენდუმამდე

„რეფერენდუმის ალტერნატივაზე საუბარი გვიანია“, – ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტის, მასუდ ბარზანის ამ განცხადებამ, პრაქტიკულად, გააქრო ყველა ის კითხვა, რომელიც ჯერ კიდევ ავტონომიურ რეგიონში დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ეხებოდა. შესაბამისად, დიდი ალბათობით, 25 სექტემბერს ერაყის ავტონომიური შენაერთის მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „ემხრობით თუ არა, რომ ქურთისტანის რეგიონი და ქურთისტანის ტერიტორიები ადმინისტრაციის კონტროლს გარეთ გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო“? რეფერენდუმი ქურთისტანის დამოუკიდებლობის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა მისი მყისიერი შედეგი ავტონომიის ერაყისგან გამოყოფა არ იქნება. შემდგომი ნაბიჯები და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ვადები ქურთისტანის ლიდერებზეა დამოკიდებული.

რეფერენდუმის თარიღი ქურთისტანის პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მანამდეც და მას შემდეგაც ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს წარმომადგენლები აქტიურ რეჟიმში აწარმოებდნენ. საბოლოოდ, რეფერენდუმის ალტერნატიული ვარიანტიც მომზადდა, თუმცა ქურთისტანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ალტერნატივა არ მიიღო. მათი თქმით, „ის არ შეიცავდა გარანტიებს, რომლებიც ქურთ ხალხს დააკმაყოფილებდა“.

იდეას ემიჯნებოდა და ემიჯნება ერაყის მთავრობა, რომელიც რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს. ამავე მოტივით, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმის გადაწყვეტილება დაბლოკა. ცოტა ხნით ადრე, ასევე მოიქცა ერაყის პარლამენტი. პრემიერ-მინისტრმა აიდერ ალ-აბადიმ კი „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი რაიმე სახის ძალადობას გამოიწვევს და ერაყის მოსახლეობას საფრთხე დაემუქრება, ის სამხედრო ძალას გამოიყენებს.

გარდა საკუთრივ ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხისა, დავის საგანს ნავთობით მდიდარი კირკუკის პროვინციაც წარმოადგენს. აღნიშნული ტერიტორია ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში არ შედის, თუმცა, როგორც ქურთისტანის მთავრობის, ისე კირკუკის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, რეფერენდუმი აქაც ჩატარდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე აღნიშნულ გარემოებას მზარდი საერთაშორისო ყურადღების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს. მისი თქმით, კირკუკის მნიშვნელობა, მისი მდებარეობიდან და რესურსებიდან გამომდინარე, ერაყის საზღვრებს სცდება.

„დღეს ქურთული ავტონომია რეალური დამოუკიდებლობით სარგებლობს. ყურის პირველი ომის შემდეგ გაიხსნა მრავალი დასავლური ქვეყნის საკონსულო, დიპლომატიური წარმომადგენლობები და ა.შ. თუმცა აქ არის სხვა მომენტები, რაც განაპირობებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის მნიშვნელობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კირკუკის საკითხი, რომლის დაქვემდებარებასაც ცდილობს ქურთისტანის მთავრობა. ეს პროვინცია არის ნავთობით მდიდარი და ესეც რომ არ იყოს, კირკუკი ორი ნავთობსადენით უკავშირდება თურქეთის პორტ ისკენდერუნს“.

მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ფაქტია, რომ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას საერთაშორისო საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ სწყალობს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ქურთების თვითგამორკვევას და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მხარს უჭერს, ისრაელია. მას სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ქურთებთან სამხედრო და ბიზნესკავშირები ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან აქვს.

სხვა მხრივ, პოტენციური სახელმწიფოს წინააღმდეგია თითქმის ყველა, ვინც მსოფლიოს პოლიტიკურ ამინდზეა პასუხისმგებელი. რეფერენდუმის იდეას ემიჯნებიან ოფიციალური თეირანი და ანკარაც – დომინოს ეფექტის ერთ-ერთი ყველაზე შესაძლო ალბათობა სწორედ ირანსა და თურქეთშია, სადაც ქურთები საკმაოდ დიდ და მძლავრ უმცირესობას ქმნიან. აშშ და გაერო აცხადებენ, რომ ერაყის მთავრობასა და ქურთისტანის ლიდერებს შორის ურთიერთობების რაიმე ფორმით გამწვავება გაართულებს ბრძოლას ISIS-სთან, რომელიც შეზღუდული ძალებით, თუმცა მაინც განაგრძობს ბრძოლას ერაყის აღმოსავლეთით.

არადა, ISIS-სთან ბრძოლის ფაქტორი ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის საკითხის წამოწევისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. უმსხვილესი ძალა, რომელიც 2014 წლიდან მოყოლებული, ერაყის მთავრობასთან ერთად, მძლავრ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის, ქურთისტანის მთავრობის განკარგულებაში მყოფი სამხედრო შენაერთი „პეშმერგაა“. გარდა იმისა, რომ ფაქტმა ქურთების იმიჯზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მეტად დადებითად იმოქმედა, სწორედ ამ პერიოდში გავრცელდა ქურთისტანის გავლენა მოსაზღვრე ტერიტორიებზე, მათ შორის, სადავო კირკუკზე. მათი დიდი ნაწილი „პეშმერგას“ შენაერთებმა ISIS-თან ბრძოლისას დაიკავეს და დღემდე იქ რჩებიან.

რა გავლენას იქონიებს არცთუ ისე შორეულ სამეზობლოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე? გიორგი სანიკიძის თქმით, ერთ-ერთ მიზეზს, რის გამოც ქვეყნისთვის დაგეგმილი რეფერენდუმის საკითხი საყურადღებოა, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა წარმოადგენს.

„ეს არის ჩვენი მეზობელი რეგიონი. მსოფლიოში დღეს ყველა ძირითადი პრობლემა დაგროვილია სწორედ აქ. მეორეც, ახალი სახელმწიფოების შექმნა და სეპარატიზმის წახალისება, თუ რეალობა გახდა ქურთული სახელმწიფო, სხვა პროცესებსაც გამოიწვევს რეგიონში. მით უმეტეს, ჩვენს ვითარებაში, როცა გვაქვს ტერიტორიული პრობლემები და გვყავს ასეთი მეზობელი რუსეთის სახით, საქართველოსთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს ის.

ერაყის ქურთისტანი, 5.2 მილიონიანი მოსახლეობით, რომელთა უმრავლესობა სუნიტია, ერაყის ნახევრად ავტონომიურ რეგიონს წარმოადგენს და ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას ქურთისტანის რეგიონული მთავრობა მართავს, რომელიც დღევანდელი სახით 1992 წელს შეიქმნა. მმართველობის ფორმა კი საპარლამენტო დემოკრატიაა.

2003 წლის შემდეგ, როცა სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო და ქურთების ძალაუფლება მეტად განმტკიცდა, თვითგამორკვევის საკითხი დღის წესრიგში გაცილებით ფართო მასშტაბებით დადგა.  დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეა გასული წლების მანძილზე არაერთგზის გახმიანდა, თუმცა თეორიადვე დარჩა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, გეოპოლიტიკური სირთულეები, მეორე მხრივ კი, თავად ქურთულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის არსებული უთანხმოება იყო. თუმცა, ამჟამინდელი მოცემულობით, კონსოლიდაცია შედგა, ქურთებს კი გადაწყვეტილების მიღებამდე მხოლოდ 1 კვირა აშორებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი