ახალი ამბები

მინიონი: ნუ დამაძალებთ ვთქვა ის, რაც ხვალ პრემიერს უნდა ვუთხრა

28 მაისი, 2013 • • 1098
მინიონი: ნუ დამაძალებთ ვთქვა ის, რაც ხვალ პრემიერს უნდა ვუთხრა

მისი თქმით, ევროსაბჭო ძალიან დიდ ყურადღებას ანიჭებს მართლმასჯულებას და შერჩევით სამართალს მხარს არ უჭერს.


“ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ ამა თუ იმ ქვეყნის მართლმასჯულებაში, თუმცა ჩვენ გვუსრს, რომ ყველა პროცედურა იქნას დაცული. თუკი ვიღაც მართლა უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, მაშინ ნამდვილი, ჭეშმარიტი პროცესი უნდა გაიმართოს. ბუნებრივია, ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. დარწმუნებულები ვართ, რომ ყოველგვარი ორაზროვნება ახლო მომავალში მოიხსნება. ხვალ მე მექნება შესაძლებლობა შევხვდე პრემიერს, რომელსაც ცოტა ხნის წინ სტრასბურგში ვუმასპინძლე და ჩვენ ამ საკითხებზე ძალიან გულახდილად გავაგრძელებთ მსჯელობას. ნუ დამაძალებთ ვთქვა ის, რაც ხვალ პრემიერს უნდა ვუთხრა”, – განაცხადა მინიონმა “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.


“ნეტგაზეთის” კითხვას, ოპოზიცია მერაბიშვილის დაპატიმრების ფაქტს პოლიტიკურ დევნას უწოდებს და რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ მათი განცხადებები დადასტურდება, მინიონი შემდეგნაირად პასუხობს:


“ოპოზიცია ამბობს იმას, რასაც ამბობს, უმრავლესობა ამბობს იმას, რასაც ამბობს. მე არც ოპოზიციაში ვარ და არც უმრავლესობაში. უნდა შევინარჩუნო ნეიტრალურობა. თუმცაღა მე ზედმიწევნით მივადევნებ თვალს იმას, რომ ის ვალდებულებები, რაც საქართველომ აიღო, კარგად შესრულდეს. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ იმ ღირებულებების სახელით, რომელსაც ევროპა იცავს: ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველაფერი ის, რასაც ადამიანის უფლებებს ეძახიან”, – განაცხადა მან.


მინიონი ღრმად არის  დარწმუნებული, რომ საქართველო შეასრულებს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.


“ერთი წამითაც არ მინდა იმის წარმოდგენა, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს. თუკი საქართველო ამას არ შეასრულებს, მაშინ ევროსაბჭო იძულებული იქნება დაგმოს ასეთი ქმედება. მე დარწმუნებული, ვარ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ძალიან ბევრი იშრომა და იღვაწა იმისათვის, რომ ევროსაბჭოს წევრი გამხდარიყო, ის თავის ვალდებულებებს შეასრულებს. ჩვენ მთლიანად ვცემთ პატივს ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც მან საპარლამენტო არჩევნების დროს გააკეთა. მე მთლიანად ვენდობი მმართველებს და ხელმძღვანელებს”, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი