ახალი ამბები

ფანჯიკიძე: ამ ვითარებაში აბაშიძე და კარასინი ღვინოსა და კულტურაზე ვერ ისაუბრებენ

28 მაისი, 2013 •
ფანჯიკიძე: ამ ვითარებაში აბაშიძე და კარასინი ღვინოსა და კულტურაზე ვერ ისაუბრებენ

“ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი ფილიპ დიმიტროვთან დღევანდელი შეხვედრაა, რადგან ევროკავშირს ჰყავს სადამკვირვებლო მისია. ასევე, მისიის მიერ მოწოდებულ ფაქტებზე დაყრდნობით ევროკავშირის განცხადება, ეს იქნება აქ, ადგილზე თუ ბრიუსელში,”- განაცხადა ფანჯიკიძემ დიმიტროვთან შეხვედრის შემდეგ. 

 

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, საზღვართან შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის ფედერაციას შვეიცარიის საელჩოს საშუალებით ნოტა გაეგზავნა, სადაც, ფანჯიკიძის განმარტებით, მკაფიო და ძლიერი პროტესტი გამოთქვა საქართველომ. 

 

“ასევე, მოვთხოვეთ რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულება. გარდა ამისა, ხვალ სტრასბურგში არის კონსოლიდირებული მოხსენების განხილვა, სადაც დავით ზალკალიანის, მინისტრის მოადგილის სიტყვაში დიდი ადგილი დაეთმობა მიმდინარე მოვლენებს. თავად მოხსენებაში ეს ამბები არ იქნება შესული, ვინაიდან ის არ მოიცავს ახლანდელ პერიოდს,”- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

გარდა ამისა, ფანჯიკიძე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის შეხვედრის შესახებ განმარტავს. მისი თქმით, მიმდინარე ამბები, მათი შეხვედრის თემა და ფორმატი არ არის, მაგრამ არც ამ საკითხების განხილვის გარეშე ჩაივლის.

 

“მიუხედავად თემისა და ფორმატისა, წარმოუდგენელია შეხვდნენ ერთმანეთს აბაშიძე და კარასინი და წყნარად გააგრძელონ საუბარი ღვინოზე და კულტურაზე,”- ამბობს ფანჯიკიძე.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმითვე, 26-27 ივნისს, ჟენევის მოლაპარაკებების დროს, აღნიშნული საკითხიც აუცილებლად განიხილება. 

 

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ოფიციალური ინფორმაცია გუშინ, 27 მაისს გავრცელდა.

 

შსს-ს შეფასებით, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან:

 

“ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი