ახალი ამბები

ჭიაბერაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არ ყოფილა

28 მაისი, 2013 • • 1149
ჭიაბერაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არ ყოფილა

როგორც ჭიაბერაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, “ნაცმოძრაობას” საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა პრაიმერის მეშვეობით სურდა, თუმცა პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებამ მათ გეგმებში სერიოზული კორექტივები შეიტანა. დღეს, 28 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, “ნაცმოძრაობა” ერთ–ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად ჭიაბერაშვილის კანდიდატურასაც განიხილავას, კახეთის გუბერნატორი ამ საკითხზე შემდეგ კომენტარს აკეთებს:

 

“ამჟამად კახეთში ვარ მე. “ნაციონალურ მოძრაობაში”, პარტიის შიგნით მუდმივად მიმდინარეობს დისკუსია და შესაძლებელია ჩემი სახელიც იქნა გაჟღერებული, თუმცა კონსულტაცია თვითონ პარტიის შიგნით ამასთან დაკავშირებით უშუალოდ მე არ მქონია, ამიტომ, ვერაფერს მოგახსენებთ. ჩვენ პრაიმერი გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ამაში სერიოზულად გვიშლის ხელს ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში ყოფნა და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ წამყვანი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი იყოს აღკვეთის ღონისძიების გარეშე იმისათვის, რომ სრულფასოვნად შევძლოთ პრაიმერის და ზოგადად [საპრეზიდენტო] კამპანიის ჩატარება. რაც შეეხება თვითონ პარტიის გეგმებს, რას მოვიმოქმედებთ ჩვენ, თუ მერაბიშვილი პატიმრობაში დარჩება, ამაზე სხვადასხვა ვარიანტზე მიმდინარეობს მსჯელობა. დადასტურებულად ვერაფერს მოგახსენებთ, სანამ ჩემს თანაგუნდელებთან არ გავივლი კონსულტაციებს”, – ამბობს ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ პარტიის ხელმძღვანელობიდან მისთვის საპრეზიდენტო კანდიდატობა ჯერ არავის შეუთავაზებია:

 

“როგორც ასეთი, შემოთავაზება არ ყოფილა, ჩვენ ძალიან ბევრ ვარიანტს ვიხილავთ და შესაძლებელია ამ დისკუსიების დროს ჩემი სახელი დასახელდა, მაგრამ ეს ჯერ არის აბსოლუტურად სერიოზული და დეტალური განხილვის საგანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ ასეთი საკითხები ხელაღებით არ წყდება. მე ახლა კახეთში ვარ, უნდა ჩამოვიდე და მქონდეს კონსულტაციები პარტიაში”.

 

შეკითხვას, თუ “ნაციონალური მოძრაობა” საპრეზიდენტო კანდიდატად ჭიაბერაშვილის დასახელებას გადაწყვეტს, როგორი იქნება მისი პოზიცია, კახეთის გუბერნატორი ასე პასუხობს:

 

“მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, ჩვენ ვმოქმედებთ გუნდური პრინციპით. ნაციონალურ მოძრაობაში არის უამრავი ძალიან სერიოზული კანდიდატი, რომელიც გაუწევს სერიოზულ ოპონირებას ნებისმიერ ოპონენტს და ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისათვის. პარტია, რომელ კანდიდატურაზეც შეთანხმდება, ეს იქნება პარტიის სერიოზული გადაწყვეტილება და ამას მე ვფიქრობ, რომ დათო ბაქრაძე იქნება ეს, ვანო მერაბიშვილი თუ სხვა, მათ შორის მეც, ყველა ადამიანი, თითოეული ჩვენგანი მოეკიდება ძალიან დიდი სერიოზულობით”.

 

ჭიაბერაშილის განცხადებით, პარტიაში ძალიან ბევრი საორგანიზაციო საკითხი გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილზე იყო მიბმული. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი დააპატიმრეს, საჭიროა, რომ ნაცმოძრაობის შიგნით როლების გადანაწილება მოხდეს, ამიტომ, საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომლის გათვალისწინებასაც ნაციონალური მოძრაობა აპირებს.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული რამ გააკეთა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ახლა ქვეყანას უნდა მივცეთ მაგალითი შიდაპარტიული დემოკრატიის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე კარგი მაგალითი მივცეთ საზოგადოებას, თუ როგორ შეირჩევა ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი”.

 

ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ საპრეზიდენტო პრაიმერი დააანონსა, მასში მონაწილეობის სურვილი ოთხმა ადამიანმა გამოთქვა: ვანო მერაბიშვილმა, დავით ბაქრაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და გია ბარამიძემ. კახეთის გუბერნატორი არ ფლობს ინფორმაციას დაემატა თუ არა ამ სიას კიდევ ვინმე. იგი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელში მონაწილეობასაც გიორგი მარგველაშვილი, ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი და ნინო ბურჯანაძე აპირებენ, ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვების შანსებს ძალიან სერიოზულად აფასებს. ჭიაბერაშვილის თქმით, მას აქვს იმედი, რომ ამ არჩევნებს ნაცმოძრაობა მოიგებს.

 

ჭიაბერაშვილი
ჭიაბერაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი