ახალი ამბები

დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოწიეს

27 მაისი, 2013 • 953
დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოწიეს

რუსი ოკუპანტების მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწევის ფაქტებზე ინფორმაცია დღეს დილით შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ ჩხეიძემ გაავრცელა:


„როგორც  ვხედავთ, რუსულ მხარეს საერთოდ არ აინტერესებს ურთიერთობის დალაგება ქართულ მხარესთან – ან უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი უფლებების კვლავ შელახვის ხარჯზე სურს ამის გაკეთება. გრძელდება კვლავ მავთულხლართების გაბმა, ადამიანების გატაცება, ტერიტორიების მითვისება და დროა ქართულმა მხარემ დაინახოს და გამოიყენოს ყველა საერთაშორისო ბერკეტი ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მძიმე რეალობას რომელიც შეიქმნება კონფლიქტის მოსაზღვრე სოფლებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხეიძემ.


შსს-ს შეფასებით, ეს არის ყოვლად უკანონო ქმედება რუსი მესაზღვრეების მხრიდან:


“ამ პრობლემასთან დაკავშირებით სამინისტრო აუცილებლად დააყენებს საკითხს 31 მაისის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრებზე. ივნისის ბოლოს არის ჩანიშნული ჟენევის დისკუსიები და აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ ჟენევის დისკუსიების ფორმატის ფარგლებშიც. ზოგადად საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო ყოველ ღონეს იყენებს, რომ პრობლემა მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს და საქართველოს ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი აქტიურად არის გამოყენებული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი