არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები

ბოლო პერიოდში არასრულწლოვნების გაუპატიურების შემთხვევები გახშირდა, რასაც, ერთის მხრივ, ახალი ხელისუფლების პირობებში განხორციელებულ ამნისტიას უკავშირებენ, რომლის ფარგლებშიც სასჯელი ამ ტიპის დანაშაულებისთვის მსჯავრდებულებსაც შეუმსუბუქდათ.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაატო პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ამნისტიის შესახებ კანონს, განაცხადა:

 

“პედოფილიის ნაწილსაც, ასევე, ვადებ ვეტოს და გადალახოს პარლამენტმა პედოფილიის ნაწილშიც და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ პედოფილებს უშვებს გარეთ, ნამდვილად საღ აზრზე ამას ნამდვილად არ მოვაწერ ხელს“.

 

“სიტყვა “პედოფილიას” არ იცნობს კანონმდებლობა. ის, როგორც სამართლებრივი ტერმინი, არ გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსში. არასრულწლოვნის მიმართ ლტოლვა შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ დანაშაული არ ჩაიდონოს. დასჯადია მხოლოდ დანაშაულის ცდა, მომზადება და მისი ჩადენა. მიდრეკილება არ ისჯება,”- განმარტავს მიხეილ ღოღაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.

 

ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად სასჯელი ერთიმეოთხედით შეუმცირდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (გაუპატიურება იმისა, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) მსჯავრდებულებს. აღნიშნული დანაშაული, კანონის მიხედვით, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.


ამ მუხლით არა, მაგრამ სხვა დანაშაულისთვის (ქურდობისთვის) იხდიდა სასჯელს მოქალაქე, რომელმაც ამნისტიის შედეგად ციხიდან გათავისუფლების შემდეგ (მას სასჯელი შეუმცირდა ერთიმეოთხედით და გათავისუფლდა პატიმრობიდან) კახეთში 10 წლის ბიჭი გააუპატიურა.


ამის მიუხედავად, ამნისტიას არ უკავშირებს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური დანაშაულების ფაქტებს საია-ს იურისტი მიხეილ ღოღაძე: “ეს ადამიანები ოდესღაც მაინც გამოვიდოდნენ ციხიდან,”- ამბობს ის.

ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი დანაშაული მოხდა არასრულწლოვანთა გაუპატიურების კუთხით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოქვეყნებული არ აქვს. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აღრიცხულია, ზოგადად, სსკ 137-ე მუხლის შესაბამისად ჩადენილი დანაშაულები, რომელიც მოიცავს როგორც სრულწლოვნების, ისე არასრულწლოვნების გაუპატიურებას. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის პირველ კვარტალში 137-ე მუხლით გათვალისწინებული 7 დანაშაულია რეგისტრირებული. აპრილის და მაისის მონაცემები გამოქვეყნებული არ არის.


თუმცა მაისში დაფიქსირებული ასეთი შემთხვევების თაობაზე არაერთი ცნობა გამოქვეყნდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 23 მაისს ხაშურში მოხდა: 51 წლის მამაკაცმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა. რამდენიმე დღით 12 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა ჩხოროწყუში, 17 წლის გოგონა გაუხდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხელვაჩაურში.


გაეროს მოხსენებაში “ძალადობა ბავშვების მიმართ” ნათქვამია, რომ ძალადობრივი სექსუალური აქტების შემთხვევებზე მნიშნვნელოვან როლს ასრულებს ქცევის სოციალური და კულტურული ნიმუშები, სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, კერძოდ, უთანასწორობა და უმუშევრობა, ასევე, გენდერული სტერეოტიპების არსებობა. 

აქვე წერია, რომ გოგონები გაცილებით მეტად განიცდიან სექსუალურ ძალადობას, ვიდრე – ბიჭები და მათი დაუცველობა ძალადობის მიმართ ხშირად საზოგადოებაში არსებული ძალთა გენდერული ნიშნით დამყარებული თანაფარდობის პროდუქტია.

აღნიშნულ მოსაზრებას სტატისტიკაც ამყარებს – მსოფლიო სტატისტიკით, ძალადობრივი სექსუალური აქტი ან სექსუალური ძალადობის სხვა ფორმა რომელიც ფიზიკურ კონტაქტს გულისხმობს, 18 წლის ასაკამდე დაახლოებით 150 მილიონ გოგონას და 73 მილიონ ბიჭს აქვს გამოცდილი.

მსოფლიოში, თითქმის ათიდან ერთი ბავშვი აცხადებს გარკვეული ფორმით სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც სახლში ხდება, თუმცა, ბავშვთა ზრუნვის დაწესებულებაში მყოფი ბავშვები ძალადობას და ჩაგვრას უფრო მეტად განიცდიან. აქ სექსუალური ძალადობის მაჩვენებელი, თითქმის, 18%-მდე იზრდება (საუბარია ბავშვებს შორის ძალადობაზე).

“განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 14 წლის თ.გ-ის შემთხვევამ, როდესაც გამოვლინდა მენტალური რეტარდაცია, ქცევის დარღვევით. 17.05.11წ. სახლის მენეჯერთან გამჟღავნებული, მსტს-ში ჩარიცხვამდე ბავშვის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური ძალადობის გამო, როცა, უფლებადამცველთა აზრით, ბავშვის ზრუნვაში ჩართული პირების მხრიდან არ გატარდა ადეკვატური ღონისძიებები, შემოიფარგლნენ ფსიქოლოგიური და გინეკოლოგიური კონსულტირებით, ბავშვის ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული საექსპერტო შეფასების საკითხი არ დამდგარა და გამოვლენილი პრობლემების შესაბამისი ფსიქოლოგიური, სოციალური, პედაგოგიური და, შესაძლოა, სამართლებრივი რეაბილიტაციური ღონისძიებები არ გატარებულა,”- წერია სახალხო დამცველის ბოლო, 2012 წლის საპარლამენტო ანგარიშში “მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების მონიტორინგის შედეგების” შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებში, ნათქვამია, რომ რომ 1960-ან წლებამდე სპეციალისტებსაც კი არ ჰქონდა კარგად გააზრებული ბავშვების გაუპატიურების მასშტაბი მშობლების და იმ ადამიანების მიზეზით, ვისაც ბავშვებზე ზრუნვა და მათი მეურვეობა ევალება. შესაბამისად, ძალადობის პრევენცია კიდევ უფრო გადაუდებელი გახადა იმის გაცნობიერებამ, რომ განცდილი ძალადობა ახდენს რა ზეგავლენას გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობსა და კეთილდღეობაზე, დაღს ასვამს მთელ მის ცხოვრებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ცალკე თავად გამოყოფს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ამ თავში მოქცეულია ხუთი ქმედება, რომელიც პიროვნების სქესობრივ თავისუფლებას და ხელშეუხებლობას ხელყოფს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომელიც 14 წლამდე არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ცალკე მუხლი არეგულირებს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი