ახალი ამბები

PACE–ს მომხსენებელი პარლამენტარებს ანტიჰომოფობიურ ღონისძიებებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს

27 მაისი, 2013 •
PACE–ს მომხსენებელი პარლამენტარებს ანტიჰომოფობიურ ღონისძიებებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს

ნორვეგიელი უფლებადამცველის თქმით, გამოხატვის თავისუფლება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან ერთად ნებისმიერ ქვეყანაში დემოკრატიული ცხოვრების საყრდენი ბურჯია.


“ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ყველას, ლგბტ ადამიანების ჩათვლით, ჰქონდეთ ამ უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია მის განცხადებაში და აღნიშნულია: 17 მაისმა ნათლად აჩვენა, რომ ეს უფლებები ხშირად ირღვევა ევროპის მასშტაბითაც.


“მსურს მივულოცო ალბანეთისა და მოლდოვას ხელმძღვანელობებს, რომელთაც დაუშვეს და მხარი დაუჭირეს “მრავალფეროვნების ბაზრობას” ტირანაში და “ცისარტყელა დნესტრში” ჩისნაუში, თუმცა სიტუაცია განსხვავებული იყო საქართველოში, სადაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა ძალადობრივად იქნა ჩაშლილი ადამიანთა დიდი ჯგუფის მიერ”, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ უკრაინაში დეპუტატების ერთმა ჯგუფმა 25 მაისს დაგეგმილი გეიპარადის აკრძალვა მოითხოვა, ხოლო ლიტვაში შემუშავებული კანონი დემონსტრაციებისა და საჯარო მორალის შესახებ, გეიპარადებისა და სხვა მსგავსი მოვლენების თავიდან აცილების საფრთხეს ქმნის.

“გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება ადამიანის უფლებების არსია, რომელსაც ევროპის საბჭოს მხარს უჭერს. ყველა წევრმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს მის მიერ აღებულ ვალდებულებას ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დაცვის შესახებ და შექმნას იმის გარანტია, რომ ამ უფლბებით სარგებლობა ყველამ შეძლოს. ე.წ. ტრადიციული ღირებულებების დაცვა არ არის დასაბუთებული მიზეზი მათი ხელის შეშლისთვის.


მე მოვუწოდებ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს, რომ შექმნან გარანტიები ლგბტ ღონისძიებების რეგულარულად ჩატარებისათვის. მათ უნდა ითანამშრომლონ საორგანიზაციო კომიტეტებთან და უზრუნველყონ ღონისძიებების მონაწილეების უსაფრხთოება. მე მოვუწოდებ კანონმდებლებს და სხვა პოლიტიკურ წარმომდგენლებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ასეთ [ლგბტ თემის მიერ ორგანიზებულ] ღონისძიებებში”, – აცხადებს იგი დასძენს, რომ აღნიშნულ ღონისძიებებში პოლიტიკოსების მონაწილეობა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა თანასწორობის პოლიტიკისათვის ხელის შეწყობის თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი