Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დავით შაჰნაზარიანი: რუსეთი რეგიონში სულ უფრო ძლიერდება

22 სექტემბერი, 2017 • 3152
დავით შაჰნაზარიანი: რუსეთი რეგიონში სულ უფრო ძლიერდება

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა და სომხეთის კავკასიის ინსტიტუტმა, ფრიდრიჰ ნაუმანის ფონდის კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით, 20-21 სექტემბერს თბილისში გამართეს ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის მორიგი დახურული კონფერენცია. შეხვედრის ძირითადი საკითხები ორივე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზი, საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები იყო. შეხვედრის შემდეგ სომხეთის რეგიონული კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი დავით შაჰნაზარიანი ნეტგაზეთს ესაუბრა:  

თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ რუსეთი უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი სამხრეთ კავკასიაში. ასევე ახსენეთ დასავლეთის არაადეკვატური რეაქცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

ბორდერიზაცია გრძელდება რეგიონში და ეს არის მოსკოვის ძალიან ღია მესიჯი დასავლეთის მისამართით, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ყველაფერს, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებს, სწორედ ის წყვეტს და არა დასავლეთი და NATO. ბორდერიზაციაზე დასავლეთის მხრიდან ადეკვატურ რეაქციას ვერ ვხედავთ. მაქსიმუმ, ეს არის განცხადებები, ისიც ხანდახან. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ რუსეთი უფრო გააძლიერებს რეგიონში საკუთარ გავლენას.

აქვე აღსანიშნავია ორმხრივი ურთიერთობები რუსეთსა და აზერბაიჯანს შორს, რომელიც ინტენსიურად ვითარდება. მათ აქვთ საერთო მიზნები, ამოცანები, მიდგომები და ღირებულებებიც, როგორც თავად აცხადებენ.

ვერც აშშ-ის დიდ დაინტერესებას ვხედავთ რეგიონში. პირიქით, თითქოს უფრო შემცირდა მათი აქ ყოფნა. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოლაპარაკებათა პროცესში აშშ-ის, როგორც თანათავმჯდომარის, როლი მცირდება, რუსეთის კი – უფრო ძლიერდება.

რით აიხსნება დასავლეთის, როგორც თქვენ ამბობთ, “არაადეკვატური რეაგირება”? რუსეთთან კონფრონტაციისთვის თავის არიდება სურთ?

ეს ტრამპის პოლიტიკაა. თეთრი სახლის პოლიტიკა. ყოველ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამხრეთ კავკასიის საკითხში თეთრ სახლს კონცეფცია არ აქვს. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, თავისუფალი ადგილი ვინმემ უნდა შეავსოს და რუსეთი ავსებს კიდეც, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული სახითაც კი არის წარმოდგენილი. სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, მთიანი ყარაბაღის საკითხში კი უკვე დიდი საფრთხე არსებობს იმისა, რომ რუსეთს თამაში მარტო სურს. შესაძლოა, ვაშინგტონი და პარიზი ამის წინააღმდეგი არც იყვნენ.

როგორც უსაფრთოების, ასევე, სხვა ბევრ საკითხში ევროკავშირის პოლიტიკა ფრაგმენტულია. ბალტიისპირეთი და პოლონეთი უსაფრთხოების საკითხში ერთი ევროკავშირია, ეპანეთი, იტალია, საფრანგეთი კი – მეორე. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ უთანხმოებებებს, რომლებიც ევროკავშირსა და ვაშინგტონს შორის არსებობს- განსაკუთრებით, გერმანიასა და ვაშინგტონს შორის – ჩვენი უსაფრთხოების საკითხზე პასუხისმგებლობის ასაღებად მზად არ არიან. დღეს არ არსებობს ისეთი ერთიანი გაგება, როგორიცაა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა.

თქვენგან და სხვა თქვენი სომეხი კოლეგებისგან საინტერესოა მოსმენა, რით ხსნით NATO-ს სამხედრო წვრთნებში სომხეთის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა?

ბოლო პერიოდში სომხეთი აქტიურად მონაწილეობს NATO-ს სამხედრო წვრთნებში. მაგალითად, რუმინეთში, თქვენთან, საქართველოში Noble Partner-ზე. თუმცა საქართველო-NATO-ს ბოლო ფორმატში, სადაც სომხეთიდან სამ ექიმს უნდა მიეღო მონაწილეობა, სომხეთი აღარ ყოფილა წარმოდგენილი.

რუსეთის ფაქტორის გამო?

აქ არა იმდენად რუსეთის გავლენაა, რამდენადაც საერთო პოლიტიკური ვითარება. ახლა სომხეთისთვის პრიორიტეტი ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერაა, რომელიც მიმდინარე წლის 24 ნოემბერსაა დაგეგმილი. სომხეთს არ სურს მოსკოვთან დამატებითი პრობლემის შექმნა. სომხეთის საგარეო პოლიტიკა ბოლო დროს ისედაც დივერსიფიცრებული გახდა და მოსკოვთან წითელ ხაზებს დაუახლოვდა. შესაბამისად, სომხეთში ამჯერად თავშეკავება გადაწყვიტეს. ამის მიუხედავად, სომხეთი ევროკავშირთან ურთიეთობების გაფართოებასა და გაღრმავებას გააგრძელებს. თუმცა ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში სომხეთისთვის მართებული არ იქნებოდა რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, ამაზე ვერ წავა სომხეთი. ის ისევ დარჩება პრორუსულ სტრუქტურებში, როგორიცაა ODKB [კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია] და ევრაზიული საბაჟო კავშირი. პირადად მეც ვერ გავუწევდი რეკომენდაციას ჩვენს ხელისუფლებას, მკვეთრი ნაბიჯები გადაედგა ამ კუთხით იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის გავლენა, როგორც ასეთი, რეგიონში მცირდება და ერთიანი დასავლეთის გაგებაც არ არსებობს.

რამ შეიძლება ხელი შეუშალოს სომხეთს 24 ნოემბერს, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან შეთანხმებას?

დღეს ძალიან არაპროგნოზირებად მსოფლიოში ყველა ქვეყნის პრიორიტეტი უსაფრთხოებაა და არა განვითარება ან აღორძინება, მაგალითად. არ ვიცი, რა შეიძლება მოხდეს, მით უმეტეს, ნოემბრამდე მთელი პოლიტიკური უსასრულობაა. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ შეთანხმება გაფორმდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი