ახალი ამბები

წულუკიანი: ID ბარათების დევნილებისთვის უფასოდ გადაცემის მიზანი საშვილიშვილოა

25 მაისი, 2013 • • 1992
წულუკიანი: ID ბარათების დევნილებისთვის უფასოდ გადაცემის მიზანი საშვილიშვილოა

“ჩვენი საზოგადოების ერთ–ერთ ყველაზე სოციალურად დაუცველ სეგმენტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილებს მივცეთ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები უფასოდ, რათა მათ არ მოუწიოთ იმ 34 ლარის გადახდა პირადობის მოწმობის აღებაში, რასაც ჩვეულებრივ მოქალაქები იხდიან ხოლმე. დღეიდან დაწყებული მომავალი 5 შაბათ–კვირის განმავლობაში თბილისში და სხვა რაიონებში გავცემთ იუსტიციის სახლისა და სერვისების განვითარების სააგენტოს დახმარებით ამ პირადობის მოწმობებს უფასოდ. ეს ემსახურება ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ მიზანს. ჩვენი ვალია, რომ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე საქართვლოს მივცეთ ერთიანი დაზუსტებული საარჩევნო სია და გავიგოთ რამდენი რეგისტრირებული დევნილი გვყავს საქართველოში. ეს მიზანი არის საშვილიშვილო და მინდა ყველა ჩემს კოლეგას იუსტიციის სახლიდან და პირველ რიგში სერვისების განვითარების სააგენტოდან, ვინც 12 საათიან, ზოგ შემთხვევაში, ზოგი განყოფილება 24 საათიან  რეჟიმში იმუშავებს ვუთხრა მთელი უწყების და მთავრობის სახელით დიდი მადლობა”– განაცხადა წულუკიანმა.

 

იუსტციის მინისტრმა ასევე მოუწოდა დევნილებს, ისარგებლონ სამინისტროს შეტავაზებით და სრულიად უსასყიდლოდ აიღონ ID ბარათები:  

 

“ყველა სრულწლოვან დევნილს მოვუწოდებ, ისინი არიან 177 000, რომელთაც არ აქვთ პირადობის მოწმობები, გამოიყენონ ეს დრო და აიღონ უფასოდ ელექტრონული პირადობის მოწმობები. ეს გაადვილებს ბევრ საქმეს, მათ საშუალებას მისცემს, ყოველგვარი ხარჯის გარეშე ჰქონდეთ გაუყალბებელი ახალი პირადობის მოწმობა. ჩვენ რეალურად,  საფუძველს ვუყრით იმ დიდ საქმეს რასაც ერთიანი საარჩევნო სიის შექმნა ჰქვია საქართველოში. 

 

ელექტრონული პირადბის მოწმობები დევნილებს უფასოდ 23 ივნისის ჩათვლით დაურიგდებათ. 

 

შეგახსენებთ, რომ  21 აპრილს იუსტიციის სამინისტროს წინ აქცია ID ბარათის ალტერნატივის მოთხოვნით გაიმართა, თუმცა მოთხოვნა აქციის მსვლელობისას ტრანსფორმირდა და მონაწილეებმა ID ბარათის საერთოდ აკრძალვაც მოითხოვეს. 

 

აქცია ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ორგანიზებით ჩატარდა, რომლებსაც სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და სიტყვით მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს.  ადგილზევე გაავრცელეს საკუთარი პოზიციაც:

 

“სასულიერო პირები და მრევლი გამოხატავენ წყენას  30 000 ხელმომწერთა დღმდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გამო ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. აგრეთვე, მართლმმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის ორგანიზატორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ პლებიცისტური გამოკვლევის მიმართ, სადაც კითხვაში არ არის გათვალისწინებული ხელმომწერთა ინტერესი. “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი–ASSA” სვამს კითხვას ამგვარად-  “მოგწონთ თუ არა ID ბარათი? ასეთი კითხვით პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო მაშინ, როცა ID ბარათი შემოიღეს და თავს მოახვიეს საზოგადოებას. დღეს აქტუალური იქნებოდა, კითხვა ასეთი ფორმით დასმულიყო, თანახმანი არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ალტერნატიული საბუთის დაშვებაზე? ალტერნატივაზე თითქმის  ყველა თანახმაა და ამ კითხვას რატომღაც თავს არიდებენ”– ნათქვამია მათ განცხადებაში.

 

20 აპრილს იუსტიციის სამინისტროს Youtube-ის  ოფიციალურ არხზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც თითქმის 6 წუთს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელს უხსნიან, რას წარმოადგენს ID ბარათი და რა უპირატესობა აქვს მას.

 

“პირადობის ახალი მოწმობა, ე.წ. აიდი ბარათი, საქართველოს მოქალაქის დოკუმენტია და პირის ვინაობას ადასტურებს. მასზე დატანილია სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, პირადი ნომერი, ფოტო, ბარათის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და ხელმოწერა. ეს ინფორმაციები, რასაც თვალით ვხედავთ – და მეტი არაფერი სხვა – ინახება ე.წ. ჩიპზეც, რომელიც პირადობის მოწმობის მახსოვრობის ბარათია და იცავს მას გაყალბებისგან.

 

ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აიდი ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება”– ნათქვამია ვიდეოში. 

 

იუსტიციის სამინისტრომ  ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც,  სამინისტროს მონაცემით, ბარათი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო. ID ბარათების შემოღებას დღემდე ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თემაზე 2012 წლის ივნისში განცხადება გაავრცელა და მრევლს უთხრა, რომ ამ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ.

 

“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- განაცხადა საპატრიარქომ.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერვიუში მრავალჯერ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მან განაცხადა, რომ  ID ბარათი წინა ხელისუფლებამ ისე მოახვია თავს საზოგადოებას, რომ წინასწარ მასთან  კონსულტაციები არ გაუმართავს.  

 

იუსტიციის მინისტრმა თავად აიღო ID ბარათი და როდესაც მის მისაღებად  იუსტიციის სახლში განცხადება შეიტანა, აღნიშნა,  რომ შესაძლოა დაიწყონ ფიქრი, ხომ არ უნდა იყოს ID ბარათის აღება არჩევითი.

 

“მე ავიღე ბარათი და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრება გაიადვილოს.  არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევითი ხომ არ უნდა იყოს და არჩევანის უფლება ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ID  ბარათის აღება”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა: “ ყოველ შემთხვევაში მე, როგორც მართლამდიდებელმა მორწმუნემ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ID ბარათი მჭირდებოდა და მოვედი დღეს მის ასაღებად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი