ახალი ამბები

ზაალ უდუმაშვილი: ადრე თუ გვიან მოგვიწევს ტექდათვალიერების აღდგენა

20 სექტემბერი, 2017 • 2637
ზაალ უდუმაშვილი: ადრე თუ გვიან მოგვიწევს ტექდათვალიერების აღდგენა

“ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი თბილისში, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ქალაქის მანქანებისგან განსატვირთად სხვადასხვა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორისაა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება.

უდუმაშვილმა EWMI ACCESS-ის მიერ ორგანიზაებულ შეხვედრა-დისკუსიაში, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატებთან იმართება, ისაუბრა, თუ როგორ ხედავს პარკირების, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობების, მწვანე საფარის განვითარების საკითხებს.

მერობის კანდიდატის თქმით, ქალაქის განსატვირთად შემოვლითი რკინიგზის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი:

“ეს არის პროექტი, რომელიც ავტომატურად გულისხმობდა, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა გადის რკინიგზა, უნდა გასულიყო ახალი 4-ზოლიანი მაგისტრალი”,- განაცხადა მან.

მისივე თქმით, თბილისს მოცემულ ვითარებაში 11 ხიდი სჭირდება, რომ მოსახლეობამ შვება იგრძნოს, თუმცა მერობის შემთხვევაში თავად დაგეგმილი აქვს, რომ 3 ხიდს ააშენებს, რადგან ფიზიკურად მეტი შეუძლებელია, ერთ ვადაში მოხერხდეს. უდუმაშვილი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებასაც გეგმავს, მაგალითად, ტრამვაის შემოყვანას, ყოველწლიურად ავტობუსების დამატებას და სხვა. მერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ასევე მხარს უჭერს ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას:

“ადრე თუ გვიან ჩვენ მოგვიწევს ტექდათვალიერების აღდგენა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია ქალაქში იაროს გამართულმა ავტომობილმა. აქაც, ალბათ, არ შეიძლება ხისტი მიდგომა. სრული სტანდარტი რომ დავაწესოთ აქ, რაც ევროკავშირის მოთხონებია ავტომობილებზე, ყველა ის სტანდარტი ხვალვე რომ დააკმაყოფილოს, აქ უნდა გავითვალისწინოთ ძალიან ბევრი ადამიანის სოციალური მდგომარეობა, რომელიც ავტომფლობელია. ალბათ, ეტაპობრივად უნდა მოხდეს გამკაცრება იმ ნორმების, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს, რომ ქალაქში იაროს სრულიად გამართულმა ავტომობილებმა, არ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ ადამიანები.

ჩვენ გონივრული ვადა უნდა მივცეთ ავტომფლობელებს, რომლის შემდეგაც მოხდება ტექდათვალიერების შემოღება და გამკაცრება. ავტომფლობელებს მივცეთ საშუალება, საკუთარი ავტომობილები მოიყვანონ მწყობრში იმისთვის, რომ გაიარონ შემდეგ ტექდათვალიერება. საბოლოოდ უნდა მივიდეთ იმ კონდიციამდე, რომ ტექდათვალიერების გარეშე არ უნდა იმოძრაოს ავტომობილმა ქალაქში”,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი