ახალი ამბები

ჯარიმები იზრდება, თუ ავტომობილს ტექინსპექტირებას არ ჩაუტარებთ

21 სექტემბერი, 2022 • 3780
ჯარიმები იზრდება, თუ ავტომობილს ტექინსპექტირებას არ ჩაუტარებთ

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შეუსრულებლობაზე ჯარიმები იზრდება.

აღნიშნულს ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ წარადგინა.

მისი თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ გზებზე ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება შემცირდეს.

კანონპროექტის თანახმად, დღეს მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ჯარიმდება 50 ლარის ოდენობით. თუმცა კოდექსი არ ითვალისწინებს სანქციას აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ეს კი საშუალებას აძლევს პოტენციურ სამართალდამრღვევს, ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ნაცვლად შემოიფარგლოს მხოლოდ ჯარიმის თანხის, 50 ლარის გადახდით.

კერძოდ, ცვლილებები ითვალისწინებს სანქციებს შემდეგ შემთხვევაში:

  • თუ ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ტექნიკურ ინსპექტირებაგაუვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად ან საექსპლუატაციოდ გადაცემის გამო ერთხელ დაჯარიმებული პირი შესაბამისი სახდელის დადებიდან 30 დღის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს იმავე ქმედებას:
    ფიზიკური პირი დაჯარიმდება 150 ლარის ოდენობით;
  • იურიდიული პირი/ინდ. მეწარმე დაჯარიმდება 300 ლარის ოდენობით.

იმავე პრინციპის შესაბამისად, თუ ზემოთ ხსენებული სამართალდარღვევა ისევ განმეორდა, აღნიშნული გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ხოლო, 118-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმავე სამართალდარღვევისთვის სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ, სამართალდარღვევის ყოველი მომდევნო ჩადენა გამოიწვევს:

  • ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • იურიდიული პირის/ინდ. მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი