ახალი ამბები

პრეზიდენტისა და ოპოზიციის ხუთპუნქტიანი დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

20 სექტემბერი, 2017 • 2308
პრეზიდენტისა და ოპოზიციის ხუთპუნქტიანი დოკუმენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე

პრეზიდენტი და ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტის გაუმჯობესების მიზნით ერთობლივ პოზიცაზე შეჯერდნენ. ხუთპუნქტიანი დოკუმენტი ხელისუფლებასა და ვენეციის კომისიას გუშინ გაეგზავნათ, თუმცა მმართველი გუნდი ამ შენიშვნების გათვალისწინებას არ აპირებს.

ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მომზადებულ ხუთპუნქტიან დოკუმენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით:

პრეამბულა

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, ვითვალისწინებთ რა კონსტიტუციის განუსაზღვრელ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელწიფოებრივი გაძლიერებისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ, ქვეყნის უმთავრესი კანონის განახლებული რედაქცია მიღებულ იქნეს კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა.

შესაბამისად,  კონსტიტუციური რეფორმისთვის საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მინიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლებლობას ვხედავთ მხოლოდ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვალასა  (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) და სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების შემთხვევაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციებისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე:

  1. პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) დაუყოვნებლივ შემოღება და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნება;
  2. საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება და ბარიერის დაწევა 3%-მდე;
  3. უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზება;
  4. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება;
  5. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება.

ეს საკითხები ძირითადად ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ითვალისწინებს ქართული საზოგადოების განწყობებს.

კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ  კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად,  სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული შანსი.

კონსენსუსის შედეგად შეთავაზებული საკითხები

I. პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ შემოღება, ბარიერის დაწევა 3%-მდე და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება

საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან.

საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტი აირჩევა ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის 150 წევრისაგან. ამავე ცვლილებით, აღნიშული საარჩევნო სისტემის ამოქმედება გადავადდა 2024 წლისთვის. შედეგად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი წესით.

დიდი ხანია აღიარებულია, რომ საქართველოში მოქმედი საარჩევნო სისტემა უსამართლოა, რადგან ამომრჩევლის ნება პროპორციულად არ აისახება საპარლამენტო მანდატებში. აღნიშნული სისტემის მთავარ ნაკლოვანებას სისტემის მაჟორიტარული კომპონენტი წარმოადგენს, რომელიც ქართულ რეალობაში უმრავლესობის მითვისების მთავარი ბერკეტია.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო მმართველი ძალის მიერ ინიცირებული ის საკითხი, რომელსაც ყველა პოზიტიურად აფასებდა, როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სამოქალაქო საზოგადეობა. ეს ცვლილება პოზიტიურად იყო შეფასებული საერთაშორისო საზოგადოებების მიერ. შესაბამისად, ამ საკითხის გადავადებისთვის ხელისუფლებას არავითარი არგუმენტი არ გააჩნია.

ამავე ცვლილების თანახმად, მმართველი პოლიტიკური ძალას მიერ შემოთავაზებულია გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ე.წ. ბონუს სისტემა, საარჩევნო ბლოკების გაუქმება;  ნარჩუნდება 5%-იანი ბარიერი.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მთავარი მიზანი მიღებული ხმების მანდატებში პროპორციულად გარდასახვის უზრუნველყოფა, დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება და წარმომადგენლობის უზრუნველყოფა იყო, რისი მიღწევაც პროპორციული საარჩევნო სისტემის ფარგლებში შესაძლებელი იქნება გადაუნაწილებელი მანდატების პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პროპორციულად განაწილებით, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებით და შემცირებული საარჩევნო ბარიერით.

  • შემოთავაზებული ვერსია:

მუხლი 37, პუნქტი 6. – პარლამენტის წევრის მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც. პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და  იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ  მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების ან ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150- ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს პროპორციულად მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია ან ბლოკი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენს მაინც.

II. პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნება

საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებული საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. წარმოდგენილი ცვლილებებით, უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი ფორმით არჩევის დღეს მოქმედი წესი და პრეზიდენტის არჩევა  მოხდება არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ფორმას. ამას მოწმობს ჩატარებული გამოკითხვები თუ სოციალური კვლევები. აღნიშნულზე თანხმდება საქართველოში მოქმედი პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური გაერთიანება (მმართველი პოლიტიკური ძალის გარდა).

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები: დემოკრატიის განვითარების  ხარისხი,  პარლამენტარიზმის  მწირი ტრადიცია, და, რაც მთავარია, ამომრჩეველთა ინტერესები. სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი წესით არჩევა მისი მაღალი ლეგიტიმაციის განმსაზღვრელიცაა, რაც    მის  მიერ  არბიტრის  ფუნქციების  ეფექტურად  შესრულებისა  და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

  • შემოთვაზებული ვერსია:

მუხლი 50. პრეზიდენტის არჩევის წესი

  1. საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  2. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 5 წელს მაინც და არჩევნების დანიშვნის დღემდე ბოლო 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში.
  3. პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებას ან საინიციატივო ჯგუფს. კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს ამომრჩეველთა ხელმოწერებით ორგანული კანონით დადგენილი წესით. ორგანული კანონით განსაზღვრული ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა არ შეიძლება იყოს ამომრჩეველთა რაოდენობის 1%- ზე მეტი.
  4. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.
  5. თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური.
  6. არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
  7. თუ არჩევნების პირველ ტურში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და მან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო, არჩევნების დღიდან ორი თვის ვადაში იმართება ხელახალი არჩევნები.
  8. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს არჩევნები არ ტარდება .
  9. პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა
  10. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება კონსტიტუციით და ორგანული კანონით.

III. ეროვნული უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა

3.1. საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება

საქართველოს პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის პასუხისმგებლობის მის უფლებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად მიზანშეწონილია საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოხდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით (განსხვავებით წარმოდგენილი რედაქციისგან, როდესაც პრეზიდენტი უბრალოდ ახდენს პრემიერ-მინისტრის ნების ფორმალიზაციას).

  • შემოთავაზებული ვერსია:

მუხლი 71. საგანგებო და საომარი მდგომარეობა

  1. საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით აცხადებს საომარ მდგომარეობას, სათანადო პირობების არსებობისას დებს ზავს და ამ გადაწყვეტილებებს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ძალაში შედის საომარი მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
  2. მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ტერორისტული აქტის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში და ამ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მომენტიდან. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი გადაწყვეტილებას არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას. საგანგებო უფლებამოსილებანი ვრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
  3. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოსცემს ორგანული კანონის ძალის მქონე დეკრეტებს, რომლებიც მოქმედებს შესაბამისად საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული დეკრეტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანხმობით. დეკრეტი ძალაში შედის გამოცემის მომენტიდან. დეკრეტი დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს. პარლამენტი დეკრეტს ამტკიცებს შეკრებისთანავე. თუ პარლამენტი დეკრეტს არ დაამტკიცებს, იგი კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.
  4. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეზღუდოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში დეკრეტით შეაჩეროს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-2−მე-6 პუნქტების, მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-17 მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედება. საქართველოს პრეზიდენტი ამ პუნქტით გათვალისწინებულ დეკრეტს დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. დეკრეტი უფლებების შეზღუდვის შესახებ ძალაში შედის გამოცემისთანავე, ხოლო ნორმების შეჩერების შესახებ – პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ. დეკრეტი უფლებების შეზღუდვის შესახებ მტკიცდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
  5. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. ქვეყნის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი.
  6. გადაწყვეტილება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება შესაბამისი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისთვის დადგენილი წესით.
  7. პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3.2.  თავდაცვის ძალების გამოყენება

სახელისუფლებო ბალანსის აღსადგენად და შესაბამისი რისკების აღმოსაფხვრელად, საომარი, ასევე ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს, თავდაცვის ძალების გამოყენება უნდა მოხდეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა დადასტურდეს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით. გადაწყვეტილება კი საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს პარლამენტის მიერ. ეს გამორიცხავს თავდაცვის ძალების მოქმედებას სამოქალაქო-პოლიტიკური კონტროლის გარეშე (განსხვავებით წარმოდგენილი რედაქციისგან, როდესაც პრეზიდენტი, მიუხედავად მთავარსარდლობის კონსტიტუციური სტატუსისა, ფაქტობრივად არ მონაწილეობს თავდაცვის ძალების გამოყენების საკითხის გადაწყვეტაში).

  • შემოთავაზებული ვერსია:

მუხლი 72. თავდაცვის ძალების გამოყენება

  1. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.
  2. საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცებისთანავე. გადაწყვეტილებას ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.
  3. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლივ შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. გადაწყვეტილება ძალაში შედის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ.
  4. სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალის შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების გადაწყვეტილებას მთავრობასთან შეთანხმებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად და ძალაში შედის პარლამენტის თანხმობის შემდეგ.
  5. პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებზე მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

3.3. ეროვნული უშიშროების საბჭო

კონსტიტუციური ცვლილებების კიდევ ერთი საკვანძო საკითხი არის მუდმივმოქმედი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროისათვის გათვალისწინებული ეროვნული თავდაცვის საბჭოს ინსტიტუციონალიზაცია. ცალსახად ვთვლით, რომ თავდაცვის ორგანიზაციაზე უწყვეტი მუშაობა არის პრიორიტეტი არსებული გამოწვევებისა და ფაქტობრივად მიმდინარე ჰიბრიდული ომის წინაშე მყოფი ქვეყნისათვის. ამიტომ, მისი ჩანაცვლება მხოლოდ კონვენციური ომის დროისათვის შექმნადი თავდაცვის საბჭოთი, ვერ შეესატყვისება არსებულ რეალობას.

ერთმნიშვნელოვნად ვთვლით, რომ ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობის პოლიტიკის ფორმირება და მისი უმაღლეს სტრატეგიულ დონეზე დაგეგმარება უნდა ხდებოდეს ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტების ჩართულობით, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. სწორედ ამის გათვალისწინებით, შემოთავაზებულია კომპრომისული ვარიანტი. ამ ხედვის ფარგლებში, ეროვნული უშიშროების საბჭო არის ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტების მონაწილეობით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების განსახილველად, მოსამზადებლად და კოორდინაციის მიზნით შექმნილი კონსტიტუციური ორგანო. შემოთავაზებულ ვერსიაში გარანტირებული იქნება პრეზიდენტის, პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა უშიშროების საბჭოში (ხელისუფლების ყველა განშტოების ჩართულობით); უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შერჩევა პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს წარმომადგენლობას კონსენსუსის საფუძველზე. ამავდროულად, საბჭოს სტრუქტურის, ხელმძღვანელობის, ფუნქციების, საქმიანობის წესის დარეგულირება ორგანული კანონით განისაზღვრება. ამგვარი მიდგომა შესაძლებელს გახდის, რომ სახწელმწიფოში არსებობდეს კონსენსუსზე დაფუძნებული, მაღალი ლეგიტიმაციის ერთი ინსტიტუტი, რომლის ქოლგის ქვეშ მოექცევა როგორც სამხედრო-პოლიტიკური, ისე სამოქალაქო კრიზისების კოორდინაციისა და მართვის მექანიზმები; გამოირიცხება ფუნქციების დუბლირება, გაიმიჯნება კომპეტენციები, გამარტივდება ინსტიტუციური თანამშრომლობა და კოორდინაცია სხვადასხვა უწყებებს შორის; ამ უწყების ქოლგის ქვეშ წარიმართება ეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესი (სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება/კოორდინაცია) და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირება.

  • შემოთავაზებული ვერსია:

მუხლი 73. ეროვნული უშიშროების საბჭო

  1. სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში და ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლობით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების განსახილველად, მოსამზადებლად და კოორდინაციის მიზნით იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ინიშნება საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ მინისტრის შეთანხმებით.
  2. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება, შემადგენლობა, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

 IV. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება

საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.

შემოთავაზებული კონსტიტუციური კანონის პროექტით უქმდება აღნიშნული რეგულაცია და პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ შეცვალოს სამთავრობო შემადგენლობა (თუნდაც ყველა მინისტრი) ისე რომ არ მოითხოვოს პარლამენტისგან განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება.

აღნიშნული ასუსტებს საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილებას. შედეგად მიზანშეწონილია საქართველოს კონსტიტუციის ტექსტში შენარჩუნდეს ნორმა, რომელიც ავალდებულებს მთვრობას მისი შემადგენლობის ცვლილების შემთხვევაში წარსდგეს საქართველოს პარლამენტის წინაშე ნდობის განსაახლებლად.

  • შემოთავაზებული ვერსია:

მუხლი 59. ნდობის გამოცხადება მთავრობის შემადგენლობის განახლების დროს

  1. პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას.
  2. პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის 56- მუხლით დადგენილი წესით.

V. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება

5.1. უზენაესი სასამართლო

საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის მე-2 პუქნტის თანახმად, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით.“

საქართველოს პარლამენტის მიერ მე-2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და მის მიმართ ნდობის ამაღლებისათვის მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობდეს ის კონსტიტუციური ორგანოები, რომლებზეც პოლიტიკური გავლენის მოხდენის ნაკლები ალბათობაა. შესაბამისად, მიზანშეწონილია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესების პროცესში პრეზიდენტის, როგორც დამოუკიდებელი ფიგურის, მონაწილეობა. ამასთან, მიუხედავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ საზოგადოებაში არსებული კითხვებისა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

  • შემოთავაზებული ვერსია:

მუხლი 61. უზენაესი სასამართლო

  1. საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო.
  2. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
  3. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ დანიშვნა დაუშვებელია.

5.2. მოსამართლეთა უვადოდ განწესება

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ. ამ დებულების პარალელურად კონსტიტუციური კანონის პროექტი ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს 2024 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულ პერიოდში პირველად განწესების შემთხვევაში უვადოდ გამწესებამდე მოსამართლე თანამდებობაზე შეიძლება განწესდეს 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის არაერთი დასკვნის გათვალისწინებით მიზანშეწონილია მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით განწესების ნორმა ამოღებულ იქნეს კონსტიტუციური კანონის პროექტიდან და მოხდეს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება ყოველგვარი გარდამავალი პრეიოდის გარეშე.

ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი – გადასვლა მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე, არ არის რელევანტური თანამედროვე საპარლამენტო მმართველობის ტენდენციების მიმართ და უფრო მოძველებულობამდე კონსერვატულ მიდგომას განასახიერებს. კერძოდ, ამგვარი ტიპის საბჭოები და სწორედ პრეზიდენტის სათათბიო ორგანოს სახით, ფუნქციონირებენ არა მხოლოდ ნახევრადსაპრეზიდენტო (მაგ: პოლონეთში, რუმინეთში და საფრანგეთში), არამედ თანამედროვე საპარლამენტო და ასევე მკვეთრად მისკენ მიდრეკილ რიგ შერეულ რესპუბლიკებში: ბულგარეთში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, მოლდოვაში, უკრაინაში, ფინეთში და ხორვატიაში. ძალიან იშვიათად, ამ ტიპის საბჭო ფუნქციონირებს მთავრობასთან -დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი. ერთგვარად ორიგინალური და  რიგ შემთხვევებში ორმაგი დაქვემდებარებისა თუ თავმჯდომარეობის ვარიაციებია ესპანეთისა და თურქეთის (ყოფილ) შემთხვევებში. ამ შემთხვევებში სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი ერთდროულად არიან წარმოდგენილნი საბჭოს ხელმძღვანელობაში, ხოლო აპარატი კი ფუნქციონირებს მთავრობის ადმინისტრირების ქვეშ.

მასალების გადაბეჭდვის წესი