ახალი ამბები

პარლამენტში 17 მაისის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით პეტიცია შევიდა

24 მაისი, 2013 •
პარლამენტში 17 მაისის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით პეტიცია შევიდა

პეტიცია პარლამენტში,  ილიაუნის ლექტორმა თამარ ცოფურაშვილმა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა იურისტმა ვახუშტი მენაბდემ შეიტანა. 

 

თამარ ცოფურაშვილის განცხადებით პეტიციის შემდგენელი არის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი:”საინიციატივო ჯგუფის ერთ–ერთი წარმომადგენელი ვარ მე. 12 ათასი ხელმოწერა შევიტანეთ პარლამენტში. პეტიციას ხელს აწერენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ის მოვლენებზე რომელიც მოხდა 17 მაისს, ვითხოვთ გამოძიების ჩატარებას და შესაბამისად ადეკვატური ზომების გატარებას. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ განურჩევლად იმისა, არიან ისინი სასულიერო თუ საერო პირები.”

 

პარლამენტში პეტიცია შევიდა
პარლამენტში პეტიცია შევიდა

ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პეტიცია გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პრემიერ–მინისტრს:”ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ამ პეტიციით მოვითხოვთ, რომ დაისაჯონ დამნაშავეები. ძირითადი არსი არის ეს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას კანონი და საკუთარი მოქალაქეები. ის რაც მოხდა 17 მაისს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ პეტიციაში მივუთითეთ კონკრეტული მუხლები, რა დანაშაულის იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი 17 მაისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსიდან. მიუხედავად იმისა იქნებიან სასულიერო თუ საერო პირები, არავინ არ უნდა იდგეს საქართველოს კანონმდებლობის, კონსტიტუციის და ადამაინის უფლებებზე მაღლა.”


პეტიცია 17 მაისის მოვლენებზე საინიციატივო ჯგუფის მიერ 2013 წლის 22 მაისს მომზადდა. პარლამენტში შეტანილ ოფიციალურ წერილს ხელს და პეტიციას ხელს აწერენ საინიციატივო ჯგუფის წევრები – ლაშა ბაქრაძე, სოფიო კილასონია, თამარ ცოფურაშვილი, თამარ გურჩიანი, ლალი პერტენავა, ბელა ჩეკურიშვილი.


შედგენილ პეტიციას, რომელიც 17 მაისის მოვლენების ობიექტურ გამოძიებას ეხება, ამ დროისთვის 12 000–ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. 


17 მაისთან დაკავშირებით დაგეგმილია ორი აქციის გამართვა. ერთი აქცია 24 მაისს, 19:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება, აქციის დევიზია “არა თეოკრატიას”. მეორე აქციის გამართვა კი 25 მაისს, პროკურატურის შენობასთან 15:00 საათზეა დაგეგმილი დევიზით- “კანონი უზენაესია და მოითხოვს ყველას დასჯას, მიუხედავად იმისა სასულიერო პირია დამნაშავე თუ არა”. მათთვის, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, პეტიციის ხელმოწერა შესაძლებელი იქნება როგორც დაგეგმილ აქციებზე, ასევე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თბილისში 23–დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი