როგორც ივანიშვილმა დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ იგი გუშინ შსს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა. პრემიერ მინისტრის ინფორმაციით შშს დედაენის ბაღში უსაფრთხოების ზომების ორგანიზებას აპირებს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ორი აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, რომლებიც ძალადობრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, ინტერნეტით ხელმოწერებს აგროვებენ. დღეს 19:00 საათზე ლოზუნგით: “არა თეოკრატიას” დედაენის ბაღში აქციის გამართვას აპირებენ.
“ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად დავინახეთ, რომ სახელმწიფო უძლურია დაიცვას ჩვენი ფუნდამენტური უფლებები (მათ შორის სიცოცხლის უფლებაც). ამასთან, სწორედ 17 მაისს, რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა ყველაზე აგრესიული და მასშტაბური ფორმით გამოააშკარავა თავი საქართველოში. მოგიწოდებთ ყველას მოხვიდეთ აქციაზე და მოითხოვოთ კონსტიტუციაზე დაფუძნებულ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია – არა თეოკრატიას!!!” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ სოციალური ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად დედაენის ბაღში მიტინგის გამართვა იმ ადამიანებსაც სურთ, რომლებიც 17 მაისის ანტიჰომოფობიურ დემონსტრაციას ეწინააღმდეგებოდნენ. ამ აქციის ორგანიზატორი მოძრაობა “ეროვნული ფრონტია”. დემონსტრაციას უერთდება ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა, რომელიც “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ იგი ხვალ დედაენის ბაღში ვინმესთან დაპირისპირების მიზნით არ მიდის.
“მე მივდივარ აქციაზე იმიტომ, რომ საქართველოში აიკრძალოს სექსუალური პროპაგანდა, აღვირახსნილობის პროპაგანდა და ასევე კითხვები მაქვს იმ პეტიციის გამვრცელებელებთან. ამ პეტიციაზე ჩემი ხელმოწერაცაა გაყალბებული, რასაც ვგმობ. დაპირისპირების მიზნით ნამდვილად არავისთან არ მივდივარ. კითხვები მაქვს პეტიციასთან დაკავშირებით, რატომ მოხდა ჩემი ხელმოწერის გაყალბება და ამ კითხვების დასასმელად მივდივარ. ჩვენი აქცია 18:00 საათზეა”, – ამბობს გაბედავა და მათი მხრიდან ყოველგვარ პროვოკაციასა და აგრესიულ ქმედებებს გამორიცხავს.
საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, რომლებმაც 17 მაისის მოვლენების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით პეტიცია შეიმუშავეს, აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მოვლენებს ხელისუფლებისგან ადეკვატური რეაქცია არ მოჰყოლია და აუცილებელია დაისაჯოს ყველა პირი, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი სასულიერო პირები. 17 მაისთან დაკავშირებით ისინი ორი აქციის გამართვას გეგმავენ. ერთი აქცია 24 მაისს, 19:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება, აქციის დევიზია “არა თეოკრატიას”. მეორე აქციის გამართვა კი 25 მაისს, პროკურატურის შენობასთან 15:00 საათზეა დაგეგმილი დევიზით- “კანონი უზენაესია”. მათთვის, ვისაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდება, პეტიციის ხელმოწერა შესაძლებელი იქნება როგორც დაგეგმილ აქციებზე, ასევე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც თბილისში 23–დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება.