სამოქალაქო პარტნიორობა ლგბტ პირებისთვის – რესპუბლიკელების ინიციატივა

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ლგბტ თემის წარმომადგენლებისათვის პარტნიორობის შესახებ სამოქალაქო პარტნიორობის შემოღების ინიციატივით გამოდიან. პარტია შესაბამისი კანონპროექტის მომზადებასა და მის ლობირებასაც აპირებს.

“საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები. ლგბტ ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა”, – ნათქვამია პარტიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია ლიბერალურ ხაზთან ერთად მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში.

 განსხვავება ქორწინებასა და პარტნიორობას შორის

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კავშირი აღიარებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობას ლეგალურად, დოკუმენტის თანახმად, ის არ არის ქორწინების თანასწორი.

“ქორწინება არის სამართლებრივი სტატუსი, რომელსაც ანიჭებს სახელმწიფო ხელისუფლება წყვილებს, ხოლო როდესაც ადამიანები ქორწინდებიან, ის აღიარებულია მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსა და ქვეყანაში.

სამოქალაქო კავშირი ასევე არის ლეგალური სტატუსი, რომელიც წყვილებს სახელმწიფოს მიერ მეტწილად ისეთივე დაცვის მექანიზმებით უზრუნველყოფს, როგორითაც ქორწინებისას. მაგალითად, აშშ-ში ქორწინება ანიჭებს მეუღლეებს კონკრეტულ უფლება- მოვალეობებს  და უზრუნველყოფს დაცვითი მექანიზმებით, რაც გულისხმობს 1100-ზე მეტი უფლებისა და დაცვის მექანიზმების არსებობას, რომელიც მოიცავს სოციალურ უზრუნველყოფას, ვეტერანთა დაცვას, ჯანმრთელობის დაზღვევას, სამედიცინო დახმარების ფედერალურ სისტემას, საავადმყოფოში ვიზიტს, უძრავ ქონებაზე საგადასახადო შეღავათებს, საპენსიო დანაზოგებს, პენსიებს, საიმიგრაციო კანონებს და ა.შ.

განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, საკუთრების უფლება, სოციალური დახმარების უფლება არაერთგვაროვნად არის აღიარებული ევროპის ყველა ქვეყანაში.

თუმცა ის ქვეყნები, რომლებშიც სამოქალაქო კავშირი დაკანონებულია, აღიარებენ საზღვარგარეთ წარმოშობილ მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებს. სამოქალაქო კავშირი ევროკავშირის უმეტეს ქვეყენაში არის ქორწინების ტოლფასი, ან ქორწინების მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის აღიარება.

ქვეყნები, სადაც აღიარებულია სამოქალაქო კავშირი, როგორც ქორწინების ეკვივალენტი, ანიჭებენ პირებს მსგავს საიმიგრაციო უფლებებს: რეგისტრირებულ პარტნიორს შეუძლია წაჰყვეს საკუთარ პარტნიორს იმ ქვეყანაში, რომელშიც ცხოვრობს ერთ-ერთი მათგანი.

ევროპაში ქორწინებასა და სამოქალაქო კავშირს შორის განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სამოქალაქო კავშირის შემთხვევაში სახელმწიფო არ ცნობს შვილად აყვანის უფლებას ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის”.

  სამოქალაქო კონტრაქტის ადაპტირება საქართველოში

დოკუმენტის მიხედვით, იმისათვის, რომ ლგბტ წყვილების პირადი და ქონებრივი უფლებები უზრუნველყოფილი იყოს, უნდა მოხდეს მათთვის სამართლებრივი გარანტიების მიცემა, საჭიროა საქართველოს სახელმწიფომ დაარეგულიროს მათ შორის წარმოშობილი ურთითერობები. პოლიტიკის დოკუმენტის ავტორების ხედვა, მათივე განცხადებით, ეფუძნება ესტონურ პრაქტიკას.

“კანონში უნდა განიმარტოს, რა ქონებრივი ურთიერთობები წარმოეშობათ პირებს რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების დადების შემდეგ.

არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მშობლის საალიმენტო ვალდებულებები, რადგან რეგისტრირებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად პარტნიორებს არ ენიჭებათ ერთმანეთის შვილების შვილად აყვანის უფლება (ესტონურ კანონში ეს შესაძლებლობა დაშვებულია).

პარტნიორს უნდა მიეცეს გარდაცვლილი პარტნიორის შვილზე მეურვეობის, მზრუნველობისა და მხარდამჭერად ყოფნის უფლება.

პარტნიორს უფლება აქვს, უარი თქვას გარდაცვლილი პარტნიორის შვილის მეურვეობასა და მზრუნველობაზე, რა შემთხვევაშიც ობლად დარჩენილ არასრულწლოვანზე გავრცელდება არსებული სახელმწიფო ზრუნვის ვალდებულება.

პარტნიორებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის გვარის მიღება, როგორც ეს მეუღლეების შემთხვევაში ხდება.

პარტნიორებს შორის ძალადობა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ოჯახურ ძალადობად, ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის შენიშვნაში უნდა შევიდეს ცვლილება და როგორც მეუღლე, ასევე პატრნიორი ამ მუხლის მიზნებისთვის უნდა იქნეს მიჩნეულად ოჯახის წევრად”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

პოლიტიკის დოკუმენტის ავტორების განცხადებით, ლგბტ პირებს შორის ურთიერთობის ასე რეგულირება შესაძლებელს გახდის მათი ურთიერთობების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას და პარტნიორებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებებისა და სარგებლის მიღებას.

“ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქვეყნისთვის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.  ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვა არ უნდა იყოს მხოლოდ აკვიატებული და გაუაზრებელი იდეა. ევროპული სივრცე გულისხმობს ინდივიდის და არა ინდივიდთა ჯგუფის დაცულობას, ადამიანის და არა დომინანტი ჯგუფის უპირატესობას. ქართულმა სახელმწიფომ უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების საერთაშორისოდ აღიარებული თანამედროვე სტანდარტები, ქვეყნის კანონმდებლობა არ უნდა უგულებელყოფდეს ლგბტ ადამიანებს”, – ნათქვამია პოლიტიკის დოკუმენტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com