რაგბის კავშირი: ღმერთმა ქნას, იტალიის ნაკრებთან ვითამაშოთ, მაგრამ ჭორია

ბრიტანულ მედიაში გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებსა და იტალიას შორის ტესტ-მატჩი დაიგეგმა, რაგბის კავშირში ჭორს უწოდებენ.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს რაგბის კავშირში განუცხადეს, ნებისმიერ საერთაშორისო ტესტ-მატჩს ორგანიზებას მსოფლიო რაგბი უწევს, ხოლო 2018 წლის ტესტების განრიგი ოფიციალურად დადგენილი და დაზუსტებული არ არის:

ამ ინფორმაციის პირველწყარო არის “დეილი მეილი”, რომელიც არის ყვითელი მედია. ღმერთმა ქნას, იტალიის ნაკრებთან ვითამაშოთ, მაგრამ ეს არის ჭორი.”

საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში იტალიაზე წინ არის, თუმცა იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები “ექვსი ერის” მუდმივი წევრია, ხოლო ქართველ მორაგბეებს ამ ტურნირში მონაწილეობა ჯერჯერობით არ მიუღიათ. მიუხედავად ამისა, ქართული რაგბის გულშემატკივრები დიდი ხანია იტალიის ნაკრებთან თამაშს ელოდებიან.

მსოფლიო რაგბის რეიტინგში საქართველო მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო იტალია მე-14 პოზიციაზეა. რეიტინგის მიხედვით, პირველზე ახალი ზელანდიაა, მეორეზე – ინგლისი, ხოლო მესამეზე – სამხრეთ აფრიკა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.