ახალი ამბები

მღვდელმა მზესუმზირის გამყიდველი “ტაბურეტკის” გარეშე დატოვა

23 მაისი, 2013 • 5425
მღვდელმა მზესუმზირის გამყიდველი “ტაბურეტკის” გარეშე დატოვა

25 წელია ლენა მზესუმზირასა და მიწის თხილს ყიდის. ის ამჟამად პუშკინის სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე, ვაჭრობს. 17 მაისს, მისი თქმით, ბევრი ხალხი იყო. მან თავისი “ტაბურეტკა”, რომელზეც მზესუმზირები და მიწის თხილი ეწყო, სკვერის ტერიტორიაზე გადაიტანა, სადაც მეტი ხალხი ირეოდა.

 

იგი იხსენებს, რომ როდესაც ჩოჩქოლი ატყდა და კონტრმომიტინგეები 17 მაისის ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს დაედევნენ, თავისი მზესუმზირები მისი სავაჭრო ადგილისკენ წაიღო, რათა უფრო მშვიდად ყოფილიყო. როცა ტაბურეტის წასაღებადაც მიბრუნდა,  “ტაბურეტკა” იქ აღარ დახვდა.

 

ლენას ამჟამად ტაბურეტის მაგივრობას სათლზე დადებულ ფანერა უწევს. მას ტაბურეტის წამღები არ დაუნახავს.

 

ნეტგაზეთის ვიდეოში ჩანს, რომ საეკლესიო პირი პუშკინის სკვერში ტაბურეტით გარბის იმ მიმართულებით, სადაც ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იყვნენ.

 

სასულიერო პირს, რომელიც კადრებში ტაბურეტით ჩანს, 23 მაისს სამართალდაცავებმა ბრალი წაუყენეს. ის მამა  იოთამ ბასილაიაა. 

 

17 მაისს ლგბტ თემის წევრი და მხარდამჭერი ადამიანები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ. კონტრაქცია გამართეს სასულიერო პირებმაც. ანტიჰომოფობიური აქციის დაწყებამდე კონტრაქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის წევრების ანგარიშსწორების მიზნით პოლიციის დამცავი ჯებირები გადალახეს. აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო 30 ადამიანი მოხვდა საავდმყოფოში.

ტაბურეტიანი მამაო, გიორგი გოგუას ფოტო/ლიბერალი
ტაბურეტიანი მამაო, გიორგი გოგუას ფოტო/ლიბერალი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი