ახალი ამბები

“ახლა გავიგე ჟურნალისტებისგან” – მარნეულში “ოცნებამ” მერობის კანდიდატი შეცვალა

18 სექტემბერი, 2017 • 3093
“ახლა გავიგე ჟურნალისტებისგან” – მარნეულში “ოცნებამ” მერობის კანდიდატი შეცვალა

“ქართულმა ოცნებამ” მარნეული მერობის კანდიდატად 7 სექტემბერს წარდგენილი ამირან გიორგაძე თეიმურაზ აბაზოვით შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიაში დაგვიდასტურეს, თუმცა თავად ამირან გიორგაძემ აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებისგან დღეს გაიგო.

პარტიის გადაწყვეტილებით, არჩევის შემთხვევაში, ამირან გიორგაძე მარნეულის საკრებულოს უხელმძღვანელებს და იქნება მისი თავმჯდომარე, ხოლო მერობისთვის თეიმურაზ აბაზოვი იბრძოლებს.

როგორც ამირან გიორგაძემ განგვიცხადა, არ იცის, რატომ მიიღო პარტიამ გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა თეიმურაზ აბაზოვით ჩაენაცვლებინა, და ეს ამბავი ახლა გაიგო ჟურნალისტებისგან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი კონფლიქტს ან რაიმე უთანხმოებას პარტიაში, გიორგაძე პასუხობს: “არ ვიცი, არა. ალბათ, დაზუსტდება და მერე შეიძლება გავაკეთო კომენტარი. ზოგადი ინფორმაცია მაქვს ახლა.”

მმართველმა გუნდმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები 7 სექტემბერს დაასახელა. შესაბამისად, ამირან გიორგაძის ბანერები “ქართულ ოცნებას” მარნეულის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე თითქმის ორი კვირაა გამოფენილი აქვს, როგორც მერობის კანდიდატის. სავარაუდოდ, მმართველი პარტია ამ ბანერებს მალევე ახლით ჩაანაცვლებს.

ამირან გიორგაძე - მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მარნეულში, რომელიც კამპანიის დაწყების შემდეგ თეიმურაზ აბაზოვით შეცვალეს. ფოტო: marneulifm.ge

ამირან გიორგაძე – მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მარნეულში, რომელიც კამპანიის დაწყების შემდეგ თეიმურაზ აბაზოვით შეცვალეს. ფოტო: marneulifm.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი