ახალი ამბები

საპატრიარქო: ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს

22 მაისი, 2013 • • 1159
საპატრიარქო: ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს

“საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის” მიერ ამა წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობისას, რომელსაც, ჩვენი აზრით, პროვოკაციის ხასიათი ჰქონდა. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქრისტიანული და სხვა: მუსლიმური და იუდეური ტრადიციული სარწმუნოების მიმდევარია, ამგვარი აქციები მოსახლეობის მიერ ჰომოსექსუალობის პროპაგანდად აღიქმება, რაც მათ სამართლიან პროტესტს იწვევს. მით უმეტეს, რომ აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა არაფერს გაუწიეს ანგარიში და შეარჩიეს ის დრო და ადგილი, რომელიც ჩვენს ისტორიულ მეხსიერებასა და ტრადიციასთან ძლიერ ემოციურ კავშირშია. ეს კი დამატებით გამაღიზიანებელ მაპროვოცირებელ ფაქტორად იქცა. ქვეყანა ვერ შეეგუება ცოდვის ლეგალიზებას. ეკლესიას ადამიანი უყვარს, მაგრამ ისევ ადამიანის სიყვარულიდან გამომდინარე ებრძვის ცოდვას, მისი სულის გადასარჩენად.

მიუხედავად ამისა, ძალადობას გამართლება არ აქვს. ჩვენ ცალსახად ვემიჯნებით მომიტინგეთა ნაწილის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც არც სამართლებრივ და არც სარწმუნოებრივი ქცევის ნორმებში არ ჯდება. სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. ამ ერთეულმა ადამიანებმა მთელ ეკლესიას მიაყენეს ზიანი. საპატრიარქო შეისწავლის მათ ქმედებებს და ჩვენი მხრიდანაც მივიღებთ სათანადო ზომებს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ არა სასულიერო პირების უდიდესი ნაწილის ძალისხმევა და პოლიციის თანამშრომელთა თავდადებული ქმედება, შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი