Interviewsახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კორუფციის ფაქტებზე აზერბაიჯანელთა მოთმინების დონე მაღალია – ინტერვიუ ხადიჯა ისმაილოვასთან

13 სექტემბერი, 2017 • 2710
კორუფციის ფაქტებზე აზერბაიჯანელთა მოთმინების დონე მაღალია – ინტერვიუ ხადიჯა ისმაილოვასთან

რამდენიმე დღის წინ OCCRP-მ აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ ფულის გათეთერების, ევროპელი ჩინოვნიკების მოსყიდვისა და რიგი კორუფციული სქემების შესახებ რამდენიმე გამომძიებელი ჟურნალისტის ერთობლივი საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა. იმის მიუხედავად, რომ მსგავსი ფაქტების შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტებიც წერდნენ, OCCRP-ს ბოლო გამოძიება რეზონანსული აღმოჩნდა საერთაშორისო მასშტაბით. რა არის ამის მიზეზი და რა საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტებს? ჩვენს კითხვებს აღნიშნული საგამოძიებო მასალის თანაავტორი, ხადიჯა ისმაილოვა პასუხობს. ხადიჯა ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში. 2014 წელს ის ფალსიფიცირებული ბრალდებებით დაახლოებით წელიწადნახევრით დააკავეს. ამჟამად ხადიჯა ისმაილოვა თავისუფალია, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანიდან ვერ გადის.

ხადიჯა, OCCRP-ს გამოძიება არ არის პირველი სტატია, სადაც ალიევის ოჯახის კორუფციული სქემების შესახებაა მოთხრობილი. რატომ მიიღო მაიცნდამაინც ამ გამოძიებამ ასეთი გამოხმაურება საერთაშორისო მედიაში?

რეალურად, საქმე არა მარტო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანში არსებულ კურუფციას ეხება. მნიშვნელოვანია ის, რომ აზერბაიჯანის შავი ფული ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვაზე მიდის. მნიშვნელოვანია დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიის მონაწილეობა ამ საკითხებში. ეს არის სწორედ ის ფაქტორები, რომლებიც ევროპელების ყურადღებას იპყრობს. რატომ გამოიწვია ამ გამოძიებამ ასეთი ხმაური? იმიტომ, რომ ევროპული მედია და ევროპული საზოგადოება, ჩვენი საზოგადოებისგან განსხვავებით, ვერ იტანს საკუთარი პოლიტიკოსების ბინძურ ქმედებებს – ისინი ამას არ ითმენენ. ესაა ერთ-ერთი მიზეზი. თუმცა საუბარია საკმაოდ დიდი ოდენობის ფულის გათეთრებაზე, რომელიც ბევრი ქვეყნის პრობლემად იქცა, რომლის წინააღმდეგ მთელი რიგი მოძრაობებიც ჩამოყალიბდა. “პანამის დოკუმენტების” გამოჩენასთან ერთად მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ ინიციატივა გამოთქვა, რომ კომპანიებმა, რომლებიც საკუთარ მეპატრონეებს მალავენ, თავიანთ ქვეყანაში მშვიდად საქმიანობის გაგრძელება ვერ უნდა შეძლონ.

საბოლოო ჯამში, რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ გამოძიებას აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის?

შედეგები შეიძლება იყოს მორალურ-პოლიტიკური და სამართლებრივი. მორალური და პოლიტიკური შედეგები იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კავშირი საკმაოდ სახიფათო გახდება და პატიოსანი პოლტიკოსები თავს შეიკავებენ ჩვენს ოლიგარქებთან ურთიერთობებისგან.

რაც შეეხება სამართლებრივ შედეგებს, შესაძლოა, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაიწყოს გამოიძიება იმ ფულთან დაკავშირებით, რომელიც გატანილია აზერბაიჯანიდან. არ არის გამორიცხული ისიც, რომ ევროპასა და აშშ-ში ზოგიერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებიც ამუშავდეს.

მსგავსი ფაქტების გამოაშკარავებით როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს აზერბაიჯანის მოქალქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას?

სიმართლე გითხრათ, აზერბაიჯანის საზოგადოების მოთმინების დონე ქრთამებისა და კორუფციის საკითხების მამართ საკმაოდ მაღალია. მსგავს ინფორმაციაზე, ისევე როგორც “პანამის დოკუმენტების” შესახებ, რეაქცია ძალიან სუსტი იყო. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა აზერბაიჯანელმა ხალხმა გამოკვეთილი კავშირი დაინახოს იმ მდგომარეობას შორის, რომელშიც აღმოჩნდა, მისი ცარიელი მაცივრისა და საზღვარგარეთ გატანილ შავ ფულს შორის. საჭიროა ამ კავშირებზე საუბარი იმისთვის, რომ გავიგოთ, კორუფცია არ არის მხოლოდ ქვეყანაში რამდენიმე ადამიანის დანაშაული. კორუფცია გულისხმობს მილიონობით ადამიანისთვის შესაძლებლობის წართმევას, ცუდ განათლებას, ცუდ ჯანდაცვას, ელემენტარულ საგნებზე წვდომის შეზღუდვას და, შესაბამისად, ზოგიერთი ოლიგარქის კეთილდღეობას. აზერბაიჯანელი ხალხი ამ კავშირებს რატომღაც ვერ ხედავს. რა თქმა უნდა, არსებობს შიშიც. არ ვიცი, როგორ უნდა მოკლან საკუთარ თავში ეს შიში. შესაძლოა, ბევრი უშიშარი ადამიანის ცხოვრების გამოცდილება უნდა აჩვენო.

ამ გამოძიების შემდეგ გაძლიერდა თუ არა თქვენზე ზეწოლა აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან?

გამოძიება მხოლოდ ახლა გამოქვეყნდა. სავარაუდოდ, ზეწოლას რაღაც დრო დასჭირდება. როგორც წესი, ასეთი ნაბიჯების გადადგმა მალევე არ ხდება. აი, მაგალითად, როგორც 2011 წელს. ჩემს სახლში ვიდეოკამერა პანამის დოკუმენტების განთავსებიდან 2-3 დღის შემდეგ გაჩნდა. ამ კამერის ჩანაწერებით შანტაჟი კი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო. ამიტომაც ველოდები ამას. მით უმეტეს, პროსახელისუფლებო ტელევიზიებზე, ვებგვერდებზე პროპაგანდა ძლიერდება. ჩვენზე ამბობენ, რომ პროსომხური ჟურნალისტები ვართ, რომ დაკვეთას ვასრულებთ და დანაშაულს ჩავდივართ. ხომ ვერ დავმალავთ სიმართლეს, თუკი ის ვინმეს არ მოსწონს? ასე რომ, ყველაფერია მოსალოდნელი.

რაიმე სიახლები ხომ არ არის თქვენს სასამართლო საქმეებში?

ამჟამად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ცხრა საქმე მაქვს გაგზავნილი. უხლოეს დროში კიდევ ერთ საქმეს გავაგზავნით. ერთი საქმე უკვე მოგებული მაქვს. საქმე აქციის დროს ჩემს დაკავებას შეეხება. ქვეყნიდან გასვლაზე სამჯერ მივმართე თხოვნით. არა იმისთვის, რომ აზერბაიჯანი სამუდამოდ დამეტოვებინა. საუბარია გარკვეულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე. სამივე შემთხვევაში უარი მითხრეს. ანუ ისევ ვრჩები შიდაპატიმრობაში. ჩემი განაჩენის ბოლო ვერსიით, 2 წელი და 3 თვე პირობითი მაქვს მისჯილი. ერთი წელი და 6 თვე უკვე გავატარე პატიმროში, კიდევ 9 თვე რჩება. გარდა ამისა, ყოველთვე უნდა გამოვცხადდე და ჩემს შესახებ ანგარიში ჩავაბარო. ამას ვაკეთებ.

რაიმე საფრთხეს თუ გრძნობ ყოველდღიურად, გამოძიებების დროს?

რა თქმა უნდა, ყოველთვის ფრთხილობ. მარტო ქუჩაში არასოდეს გავდივარ. ვიცი, ადგილი, სადაც დედასთან ერთად ვცხოვრობთ, მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშაა. როდესაც შევდივართ სახლში, რაღაც მოწყობილობები არ მუშაობს ხოლმე. მუდმივად ვხედავთ ჩარევას. როდესაც სადმე მივდივარ, ამის შესახებ არ ვავრცელებ ინფორმაციას, ჩემი მეგობრებისთგან განსხვავებით არ ვაკეთებ «check-in»-ს  სოციალურ ქსელებში. თუმცა აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ჩემი თითოეული ნაბიჯი ისედაც კარგად იცის.

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი