ახალი ამბები

უსუფაშვილი: საბოლოო ჯამში, მოძალადე მარცხდება

20 მაისი, 2013 • 946
უსუფაშვილი: საბოლოო ჯამში, მოძალადე მარცხდება

“საქართველოს კანონმდებლობით, სასულიერო პირებს აქვთ მინიჭებული გარკვეული პრივილეგიები, განსხვავებული რეჟიმი სხვადასხვა საკითხში. მაგალითად, აღსარების საიდუმლოების გათქმა კანონით არის დაუშვებელი, და სასულიერო პირს ვერავინ ვერ დაკითხავს მოწმედ იმის თაობაზე, რაც მისთვის ცნობილი გახდა საეკლესიო მოვალეობის დროს, მაგრამ არც ერთი კანონი იმას არ ამბობს, რომ ვინმე არის პასუხისმგებლობისგან თავისუფალი, თუ მან დააზიანა სხვისი ქონება, ან ჩაარტყა ვინმეს რამე.  ამის თაობაზე თავად სასულიერო პირებმაც განაცხადეს, რომ ვინმემ თუ რამე გადაამეტა, მზად არიან პასუხი აგონ,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა დღეს, 20 მაისს. 

 

უსუფაშვილის თქმითვე, სახელმწიფო მაშინ იქნება საქართველოში, როდესაც მოქალქეები იგრძნობენ თავს დაცულად და თავისუფლად.

 

“როდესაც კანონის წინაშე თანასწორობა იქნება, ყველაფრის მიუხედავად, პოლიტიკური შეხედულებების, კანის, ფერის, ენის, ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური აღმსარებლობის. თუ ვინმემ რაიმეს გამო, ემოციის გამო, სხვისთვის აყოლის გამო, საკითხის ვერ გარკვევის გამო კანონი დაარღვია, პასუხისმგებლობაც უნდა შეძლოს.”


უსუფაშვილმა 17 მაისი ზოგადადაც შეფასა. 

 

“რაც შეეხება თავად 17 მაისის მოვლენას, ეს იყო ძალიან მძიმე დღე, და ამ დღიდან სერიოზული დასკვნებია გამოსატანი ყველას მხრიდან. მათ შორის იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც შესაძლოა მიიჩნევენ, რომ ერისთვის სასიკეთო საქმეს ემსახურებოდნენ, როდესაც მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა ჩათვალა, რომ არ უნდა მიეცათ მეორე ჯგუფისთვის გამოხატვის შესაძლებლობა. დავიჯეროთ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ძალადობით პრობლემები არ გვარდება და მოძალადე, საბოლოო ჯამში, მარცხდება.”


უსუფაშვილმა აღნიშნული კომენტარი სასტუმრო ჰოლიდეი ინში გააკეთა, სადაც ამჟამად “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიოჩანაწერის, კინო და ფოტოგადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემების” შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი