როგორც მან დღეს, 20 მაისს “რედისონ ბლუ ივერიში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას საკუთარი თავლით არ უნახავს, თუ როგორ მოქმედებდა 17 მაისს პოლიცია, თუმცა ვიდეოჩანაწერებში ნახა და დარწმუნდა, რომ ხალხის მოზღვავება იმდენად დიდი იყო, რომ პოლიციელებს მათთან გამკლავება გაუჭირდებოდათ.
ჰამერბერგის განცხადებით, პოლიციიის მოქმედებები რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო, უფრო უარეს შედეგებთან გვექნებოდა საქმე:
“მე ვფიქრობ, არ იქნება სამართლიანი, თუ ამ სიტუაციაში პოლიციელებს დავადანაშაულებთ, როგორც მთავარ დამნაშავეებს. პრობლემა იყო კონტრდემონსტრანტებში… ვინც თავს დაესხა პირველად აქციის მონაწილეებს და იმ ადამიანებში, ვინც ამ თავდასხმის ინსპირირება მოახდინა.”
ჰამერბერგი გულდასაწყვეტს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ადამიანთა მცირე ჯგუფმა რომელიც 17 მაისს თბილისში ანტიჰომოფობიური აქციის ჩატარებას აპირებდა, ვერ შეძლო საკუთარი მიზნის განხორციელება და ვერ ისარგებლა თავისი კონსტიტუციური უფლებით, ჩაეტარებინა მანიფესტაცია.
მისი თქმით, სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მეორე ჯგუფმა ეს დემონსტრაცია შეაჩერა.
“ყველას უნდა ჰქონდეს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების უფლება და იმის თავისუფლება, რომ გამოვიდეს და დემონსტარცია ჩაატაროს. რა თქმა უნდა, ამ უფლებას ეწინააღმდეგება, თუ ამგვარი დემონსტრაცია გამოიყენება იმ მიზნით, რომ სხვისი უფლებები შეილახოს. ეს სიტუაცია გართულდა იმით, რომ ძალადობა მოხდა იმ პირთა მიმართ, ვინც პირველი დემონსტრაცია გამართა. ფაქტობრივად, ამგვარი მოვლენების შედეგად არავინ დარჩა გამარჯვებული – ყველამ წააგო” – განაცხადა ჰამერბერგმა და დასძინა, რომ როცა იგი საქართველოს დატოვებს და ევროპაში მოუწევს იმაზე საუბარი, თუ რა მოვლენას ჰქონდა ადგილი 17 მაისს თბილისში, მას ძალიან გაუჭირდება ახსნას ის, თუ როგორ შეიძლება, რომ ამგვარი მოვლენა დემოკრატიულ ქვეყანაში მომხდარიყო.
ჰამერბერი ამტკიცებს, რომ როდესაც იგი ევროპაში ამ საკითხებზე დაიწყებს საუბარს, იმ პოზიტიურ მოვლენებზეც მიუთითებს, რომელიც საქართველოში 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით განხორციელდა. საუაბრია პრემიერ–მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც უფლებადამცველი გაბედულს, პრინციპულს და დროულს უწოდებს.
“ამ განცხადებაში ჩანდა ის საჭირო ლიდერშიპი, რომელიც იმ მომენტში ნამდვილად აუცილებელი იყო. ასევე მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა საპარლამენტო პარტიამ ეს მოვლენა დაგმო და ფაქტობრივად ის ნაბიჯები, რომელიც მომავალში იქნება გატარებული, რომ აღსდგეს სამართლიანობა, არ გამოიწვევს დაპირისპირებას. ვიმედოვნებ , რომ ეს მოვლენები დაპირისპირებას არც საზოგადოებაში გამოიწვევს, რომლის ნაწილადაც ეკლესიას მოვისაზრებ. მე ყურადღება მივაქციე იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა ქორეპისკოპოსმა იაკობმა, რომელმაც თქვა, რომ ეკლესია არ შეეწინააღმდეგება, თუ სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ის ადამიანები, ვინც 17 მაისს წესრიგი დაარღვიეს. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ეკლესიაშიც იქნება მსჯელობა იმის შესახებ, რა მოხდა ამ დღეს და იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება მომავალში ამგვარი პროცესების თავიდან აცილება. მე ეს აზრი საპატრირქოსაც მივაწოდე, და ჩემი შემდგომი ჩამოსვლისას და პატრიარქთან შეხვედრისას მე ამას ისევ დავაფიქსირებ” – განაცხადა ჰამერბერგმა და დასძინა, რომ იგი ევროპაში ყველანაირად ეცდება, რომ რაღაცნაირად განმუხტოს საქართველოსთან მიმართებაში შექმნილი ნეგატიური იმიჯი და მასობრივი ძალადობის შესახებ ტელევიზიით გავრცელებული კადრების შთაბეჭდილებები.
“მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ნეგატიური იმიჯი 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს, მაგრამ ამავე დროს მე შევეცდები, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ საზოგადოებას ავუხსნა, თუ რა პოზიტიური და დემოკრატიული ნაბიჯები იდგმება ქვეყანაში,”– განაცხადა ჰემერბერგმა.
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს ნეგატიური იმიჯი, რომლის შესახებაც იგი საუბრობს, საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებს, უფლებადამცველი პასუხობს, რომ არა.
“იმის გათვალისწინბით, თუ რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს დიალოგის რეჟიმში და რაც მომავალში განვითარდება 17 მაისთან დაკავშირებით და იმ ნაბიჯებმა, რომელსაც საქართველო გადადგმს, შეიძლება ამ მიმართულებით საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს”.
რაც შეეხება 17 მაისს მომხდარ ძალადობრივ ფაქტების გამოძიების საკითხს, ჰამერბერგი აცხადებს, რომ მას კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს და არც ბევრი დეტალი იცის, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სერიოზულად ეპყრობიან ამ საკითხს და შესაბამის ღონისძიებებსაც ატარებენ:”მე მჯერა, რომ შესაბამისი ზომები ძალიან მალე იქნება მიღებული.”
თომას ჰამერბერგი ასევე გამოეხმაურა 17 მაისს ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცახდებას და აღნიშნა, რომ პირადად მას ამ განცხადების შედგენაში არავითარი წვლილი არ მიუძღვის და საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეს განცახდება საკუთარი ინიციატივით შეიმუშავა.
შეგახსენებთ, რომ თომას ჰამერბერგი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მან რამდენიმე შეხვედრა გამართა. იგი საქართველოში 7 ივნისს დაბრუნდება.