ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე: სააკაშვილის ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში

11 სექტემბერი, 2017 • 4457
გედევან ფოფხაძე: სააკაშვილის ადგილი ციხეშია და არა პოლიტიკაში

დეპუტატის გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. მისივე თქმით, სააკაშვილი ავანტიურისტია და მეთოდები, რომელსაც ის პოლიტიკაში ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ:

“მე მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი. ის ფორმები და მეთოდები, რომელსაც ის პოლიტიკაში ირჩევს, როგორც წესი, მიმართულია არეულობებისკენ, კონფლიქტებისკენ. არც სამართლებრივი და არც მორალური ჩარჩოები მას პოლიტიკური საქმიანობისას არასდროს ჰქონია და არც აქვს, ეს ფაქტია. მიმაჩნია, ჩვენი, ქართული სახელმწიფოს მორალური ვალდებულება,ა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ის წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

მისი ადგილი, ჩემი აზრით, არის ციხეში და არა პოლიტიკაში. ის აქეთ-იქით კი არ უნდა ხტუნაობდეს, უნდა იჯდეს, სადაც ეკუთვნის ადგილი. გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რასაც ის აკეთებდა პოლიტიკაში. გამომდინარე წამებებიდან, ქონების წართმევებიდან და იმ დანაშაულებრივი სისტემის შექმნიდან, რომლის შემოქმედი თავად იყო. იმ ასობით ათასობით ადამიანის წამების და ტკივილის, ცრემლის და სისხლის სანაცვლოდ, რაც მან გაიღო, ის უნდა იჯდეს ციხეში”,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

მისივე თქმით, სააკაშვილის ექსტრადირება მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული არაა. ფოფხაძე აცხადებს, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა თავის დროზე შეცდომა დაუშვა, როცა “ეს ტროას ცხენი შეათრია თავისთან”. ფოფხაძემ სააკაშვილს ლენინის მსგავსი პოლიტიკოსიც უწოდა:

“დღეს არავინ არ ზის ციხეში, ვინც არის სააკაშვილზე უფრო დამნაშავე. მე ბევრ პატიმართან მაქვს ურთიერთობა. ყველას დანაშაული გაცილებით ნაკლებია. თუკი იქ ზის ადამიანი თუნდაც ორი კაცის მკვლელობისთვის, სააკაშვილს გაცილებით მეტი ჰყავს მოკლული. ვიღაც შეიძლება ვინმეს გაქურდვისთვის იჯდეს, სააკაშვილმა ასობით ათასი ადამიანი გაქურდა. აქედან გამომდინარე სააკაშვილზე მეტი კრიმინალი ქართულ საზოგადოებას არ ჰყავს”,- ამბობს ფოფხაძე.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 10 სექტემბერს უკრაინის საზღვარი მხარდამჭერების დახმარებით გადალახა. უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.  მიხეილ სააკაშვილთან ერთად მისი ოჯახის წევრები, რადას დეპუტატები და უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო იმყოფებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში ჩამოართვეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქე აღარაა 2015 წლიდან, როდესაც უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა. თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, სასაზღვრო პუნქტზე განვითარებული მოვლენების შედეგად 11 სამართალდაცმველი დაშავდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი