ახალი ამბები

ევროპული საქართველო არჩევნებზე “ტექნიკური ბლოკით” გავა საარჩევნო პრივილეგიებისთვის

8 სექტემბერი, 2017 • 10574
ევროპული საქართველო არჩევნებზე “ტექნიკური ბლოკით” გავა საარჩევნო პრივილეგიებისთვის

“ევროპული საქართველო” 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე “ტექნიკური ბლოკის” სახით მიიღებს მონაწილეობას.

საარჩევნო ბლოკის სახელია “ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართელო” და მასში ორი პოლიტიკური პარტია ერთიანდება: პ/გ “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” და “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის”.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” – ის პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ენმ-დან წასულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა დააარსეს- გიგი უგულავამ, გიგა ბოკერიამ, ელენე ხოშტარიამ და სხვებმა. რაც შეეხება მოძრაობას თავისუფალი საქართველოსთვის, ეს ორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს პარტიად მიმდინარე წლის 22 აგვისტოს აქვს რეგისტრირებული. მისი თავმჯდომარე ხათუნა ქოიავაა, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის აპარატის თანამშრომელია.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი და ცესკოში ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი ლევან თარხნიშვილი აღიარებს, რომ ეს არის ტექნიკური ბლოკი, რომელიც კანონმდებლობით გათვალისიწნებული პრივილეგიების მიზნით არის შექმნილი.

“ეს არის ტექნიკური ბლოკი. დაახლოებით ამ ტიპის ბლოკით გავდიოდით ხოლმე ჩვენ [არჩევნებზე] ნაციონალურ მოძრაობაში.  ასეთი ტიპის გაერთიანება გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ის პრივილეგიები, რომლებიც ბლოკს აქვს კანონმდბელობის მიხედვით”, – ამბობს თარხსნიშვილი და პრივილეგიებს ორ ნაწილად ყოფს.

“პირველი, რომელიც მყისიერია, ამ არჩევნების დროს წარმომადგენლების დაფინანსება და ა.შ. და მეორე, რომელიც შეიძლება დადგეს მომავალში, თუკი ამ საარჩევნო სუბიექტს ექნება კარგი შედეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კარგი შედეგი გვექნება. შესაბამისად, იქნება საშუალება, რომ მეორე პარტიაც გახდეს კვალიფიციური სუბიექტი და შემდეგი არჩევნებისთვის ჰქონდეს საეთერო დრო, დაფინანსება და ა.შ”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი ნეტგაზეთთან.


 

რატომ გადიან პარტიები არჩევნებზე ბლოკების სახით? გაიგეთ მეტი ნეტგაზეთის საარქივო სტატიიდან – რა სარგებელს მიიღებენ პარტიები არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი