ახალი ამბები

ISFED საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას 8 ოლქში ხარვეზებზე საუბრობს

8 სექტემბერი, 2017 • 2249
ISFED საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას 8 ოლქში ხარვეზებზე საუბრობს

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ამგარიშში სხვა საკითხებთან ერთად ყურადრება  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას არსებულ ხარვეზებზეცაა საუბარი. ანგარიშში, რომელიც 24 ივლისიდან 4 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს,  საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას ხარვეზები ორგანიზაციამ 8 საარჩევნო ოლქში აღმოაჩინა.

ISFED-ის შეფასებით, დარღვევა გამოვლინდა ბათუმის #79 ოლქში. საოლქო საარჩევნო კომისიაში უბნების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სხდომა 4 სექტემბერს გაიმართა და 102 უბანზე სულ 886 განაცხადი იყო შესული. ორგანიზაციის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  სხდომის დაწყებისთანავე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ აღნიშნა, რომ კომისიას კონკურსის დასრულების შემდეგ 4 დღე ჰქონდათ იმისათვის, რომ კონკურსანტთა განაცხადები განეხილა და კონკურსანტებთან დაკავშირებით პოზიციებზე შეჯერებულიყო. შესაბამისად, სხდომაზე განაცხადების განხილვა, კონკურსანტთა სახელობითი სიის გაცნობა და გადაწყვეტილებების ღიად დაფიქსირება არ მომხდარა.

“საოლქო კომისიის წევრების უმეტესობა, მათ შორის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებიც, სარგებლობდნენ კონკურსანტთა საერთო სიით, ე.წ სამუშაო ვერსით, სადაც მონიშნული ჰქონდათ, თუ ვინ უნდა აერჩიათ და ეს მონაცემები გადაჰქონდათ უბნების მიხედვით ამობეჭდილ სიებში. ფაქტობრივად, სხდომა იყო ფორმალური პროცესი და ცხადი იყო, რომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილებები უკვე მიღებული ჰქონდა და სხდომაზე მხოლოდ დოკუმენტურად მათი ასახვა ხდებოდა. საყურადღებო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებების მონაცემთა ბაზაში შეყვანის პროცესზე დაკვირვებით გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ოლქის პროფესიული ნიშნით არჩეული წევრებისა და „ქართული ოცნების“ წევრის მიერ კონკურსანტებთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებები თითქმის ყველა შემთხვევაში ერთმანეთს ემთხვეოდა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ISFED-ის განცხადებით, „ქრისტიან კონსერვატორების“ წევრი სხდომას ესწრებოდა, თუმცა არჩევაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრი „პატრიოტიოთა ალიანსიდან“ ყველა კონკურსანტის სასარგებლოდ აკეთებდა არჩევანს. საოლქო კომისიამ ყველა, 102-ვე უბანი სრულად დააკომპლექტა 6-6 წევრით.

ქუთისის საოლქო საარჩევნო კომისიამ კი, ISFED-ის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიები 53 ისეთი წევრით დააკომპლექტა, რომელთაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდათ დაკისრებული:

“მათგან 7 წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ საპარლამენტო არჩევნების ორივე ტურში” – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშში ხარვეზებზეა საუბარი ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიაშიც, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით 278 განცხადება შევიდა. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კონკურსის დასრულების შემდეგ გამოითხოვა კონკურსანტთა სია:

“გადამოწმების შედეგად სიაში ძირითადად ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული პირები, საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრები და ნათესავები აღმოჩდნენ.  „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, საოლქო სარჩევნო კომისიის წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულნი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აერჩიათ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად, რადგან ხმის მიცემის დასრულების შემდეგ უმეტესწილად სწორედ ის პირები იქნა არჩეული, ვინც ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების, მაჟორიტარი დეპუტატების, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული პირების, საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრები და ნათესავები არიან” – ვკითხულობთ ISFED-ის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში.

ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, საოლქო კომისიის თავმჯდომარე თითოეული უბნის კანდიდატს განიხილავდა ცალ-ცალკე, შემდგომ მდივანი აჯამებდა მიღებულ ქულებს და დამსწრეებს აცნობდა არჩეულ წევრს. თუმცა, ISFED-ის თქმით, საინტერესო ფაქტია, რომ ყველა უბანზე კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრებმა ხმა მისცეს თითოეულ უბანზე კანდიდატების სიაში პირველ ექვსს.

ჯამში, ორგანიზაციის განცხადებით,  საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული იყო 218 განაცხადი, ხოლო კომისიამ მათგან 192 შეარჩია.

ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ #11-ე საუბნო კომისიის წევრად აირჩია ქეთევან წევგუაშვილი. როგორც ISFED აცხადებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წევგუაშვილი იყო იმავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. არჩევნების დასრულების შემდგომ მან ოქმი, ბეჭედი და სხვა დოკუმენტაცია სახლში წაიღო და საოლქო კომისიაში მხოლოდ მას შემდეგ მოიტანა, რაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, თამაზ ფოლადაშვილმა დაურეკა და გააღვიძა:

“ამ ფაქტთან დაკავშირებით 2016 წელს „სამართლიანმა არჩევნებმა“ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივარი წარადგინა და წევგუაშვილისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა, თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა” – ვკითხულობთ ISFED-ის ანგარიშში.

2017 წლის 1 სექტემბერს ბოლნისის #23 საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ვაკანტურ ადგილებზე განაცხადების განხილვისას ISFED-მა აღმოაჩინა, რომ სამ კანდიდატს – ია ქოქოსაძეს, ბახადინ გასანოვს და ამირხან მამედოვს – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ოქმის შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო დისციპლინური სახდელები ჰქონდათ დაკისრებული. თუმცა საოლქო საარჩევნო კომისიამ, აღნიშნული ფაქტის მიუხედავად, სამივე პირი აირჩია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სხდომაზე შერჩეულ იქნა 228 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. მათგან 7 არჩეულ წევრს, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გასულ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო კანონმდებლობის დაღვევისთვის დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.

ქობულეთში საუბნო კომისიის წევრების შესარჩევ სხდომას ესწრებოდა კომისიის ყველა წევრი. მიუხედავად იმისა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” სხდომაზე ჰყავდა ოლქში ოფიციალური აკრედიტებული წარმომადგენელი, ISFED-ის განცხადებით, სხდომას ამ პარტიიდან მაინც ესწრებოდა აკრედიტაციის გარეშე სამი არაუფლებამოსილი პირი, მათ შორის -საკრებულოს ორი წევრი (მერაბ ცინცაბაძე, ბონდო თედორაძე) და მათი მხარდამჭერი ერთი მოქალაქე:

“არაუფლებამოსილმა პირებმა არ გაითვალისწინეს ოლქის თავმჯდომარის მოთხოვნა სხდომის დატოვების თაობაზე. საოლქო საარჩევნო კომისიის ზოგიერთი წევრი თავიანთ არჩევანს უბნების მიხედვით ამობეჭდილ სიაში აკეთებდნენ საერთო სიის სამუშაო ვერსიის დახმარებით, სადაც მონიშნული ჰქონდათ ასარჩევი პირები. სხდომაზე საოლქო კომისიის წევრი „მრეწველებიდან“ ასლან წულუკიძე ინდივიდუალურად არ მუშაობდა და უბნის წევრების შესარჩევად იყენებდა გვერდით მჯდომი „ქართული ოცნებიდან“ წევრის, ნანი ცივაძის სიის სახელმძღვანელო ვერსიას” – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც ცესკოში აცხადებენ, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ცესკოს განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესში გაითვალისწინეს ცესკოს მიერ
გაცემული დამატებითი რეკომენდაციები. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული
გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ უფლებამოსილი პირების მიერ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი